ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონი, ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს თბილ. სამხრ-ით 70 კმ-ზე, ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რ-ნი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხ. ვაკე ნაპირზე.

ჩრდ-ით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით, აშენებულია 478–493 (იხ. სტ. ბოლნისის წარწერები). ვახტანგ გორგასალმა (V ს.) აქ დააარსა საეპისკოპოსო კათედრალი, რ-მაც XVIII ს. II ნახევრამდე იარსება.

შენობა მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვრისებრი გეგმის ბოძების 5 წყვილითაა გამოყოფილი. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს. ჩრდ. ფასადის გაყოლებით, მთელ სიგრძეზე ღია თაღოვანი გალერეაა, სამხრ-ით მეორე, შედარებით მცირე, თაღოვანი სტოა და ცალკე გამოყოფილი აფსიდიანი სანათლავია, რ-საც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის იშვიათი ნიმუშია საქართველოში). შესასვლელების თავზე, მძლავრი ჰორიზ. ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია, ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შუა ნავი ნახევრად ცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდ. გადახურვა XVII ს-ისაა), გვერდის ნავები კი – ნახევარკამარებით. სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე როგორც საერთოდ ადრინდ. ფეოდ. ხანის ქართ. არქიტექტურისათვის, ბ. ს-თვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა. მთავარი ყურადღება აქ შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა. ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია. საქართველოსთვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დას-ით შესასვლელის უქონლობა (დას. კედლის ახლანდ. შესასვლელი XVII ს-შია გაჭრილი). შესასვლელები მოწყობილია გრძივ კედლებში – ერთი სამხრ-ით, ორი ჩრდ-ით, რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს (ბაზილიკაში ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს სიგრძივი ღერძის გასწვრივ მოძრაობას – დას-იდან აღმ-კენ, საკურთხევლისაკენ). ბ. ს. არა მარტო თავისი ხუროთმოძღვრებითაა საინტერესო. აქ პირველად ვხვდებით სკულპტურულ და ორნამენტულ სამკაულებს. ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით არის შემკული ჩრდილოეთის გალერეა, ნავის პილასტრებისა და სანათლავის ცალკეული ბაზისები და სვეტისთავები. მცენარეულ და გეომ. სახეებთან ერთად, რ-ებშიც შეინიშნება სასანური ორნამენტაციის წრესთან ნათესაობა, გვხვდება ქრისტ. სიმბოლოს – ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულება. მ. შ. ერთ-ერთს (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვარი“ ეწოდა.

ბ. ს-ში, ქართ. არქიტექტურაში პირველად გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი, სცენები ცხოველთა მონაწილეობით), რ-ებიც წინაქრისტ. ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტ. სარწმუნოების მიერ. დიდი ადგილი უჭირავს ჯვარს – ახ. სარწმუნოების სიმბოლოს. ბ. ს-ში ნათლად ჩანს როგორც ქართ. ბაზილიკის ნათესაობა ქრისტ. სამყაროს სხვა ქვეყნების ბაზილიკასთან, ისე მისი მკაფიოდ გამოსახული თავისებურებანიც. მცირე სამლოცველო, რ-იც ტაძარზე აღმ-იდან არის მიშენებული, VIII ს-ისაა. დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა და დაინგრა. განადგურდა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეაც; 1634 სპარსელების შემოსევის დროს ძლიერ დაზიანდა კამარები და ნაწილობრივ დასავლეთის კედელი. დაზიანებულია ნაწილები XVII ს. I ნახევარშივე აღადგინეს (მეტწილად აგურით) მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით. მაშინ გაჭრეს დასავლეთის კარიც. XVII ს-ში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც ააშენა.

ბოლნისის საეპისკოპოსო გაუქმდა XVIII ს. პირველივე წლებში. ბ. ს. არაერთხელ დაურბევიათ ლეკებს. ბ. ს-ში ძველთაგანვე დიდი მწიგნობრული საქმიანობა იყო გაჩაღებული. აქ მოღვაწეობდა გამოჩენილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი (X–XI სს.). ცნობილია აგრეთვე ბოლნელთა ინიციატივით შესრულებული ხელნაწერები. ბ. ს-ის შესწავლა ჯერ კიდევ 1916 დაიწყო გ. ჩუბინაშვილმა. 1936–37 კი ჩატარდა დიდი მუშაობა მის გასაწმენდად და გამოსაკვლევად (ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით). ძეგლი გათხარეს, გაწმინდეს, გამოჩნდა შენობის დაფარული ნაწილები, მანამდე უცნობი წარწერის ფრაგმენტები, მ. შ. სამშენებლო წარწერა, რ-ის მიხედვითაც მოხერხდა ბ. ს-ის ზუსტად დათარიღება. ძეგლი შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. ამის შემდეგ ძეგლი რამდენჯერმე შეკეთდა.

1967–69 ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები არქიტ. რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით. გადახურეს ჩრდ. გალერეა და აღადგინეს მისი დასავლეთის კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას. დაადგეს ქვის ახ. იატაკი. 1989-იდან ბ. ს. კვლავ მოქმედი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  ლ., ბოლნისი, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3; ჩ უ ბ ი ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936; მისივე, Болнисский Сион, «ენიმკის მოამბე». 1940, ტ. 9.

ვ. ბერიძე

ლ. მენაბდე