ბოლნისის წარწერები, ბოლნისის სიონის წარწერები, რ-თაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ტაძრის აშენების თანადროული სამი წარწერა. ორი მათგანი დღემდე მთლიანად არის შემონახული ტაძრის კედლებზე, მესამისა კი 1937-მდე ცნობილი იყო მხოლოდ ძალზე დაზიანებული თავი და ბოლო. წარწერის ძირითადი ნაწილი აღმოჩნდა ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების დროს; ამჟამად იგი ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში, ტაძრის კედელში მის ადგილას ჩასმულია მულაჟი. აღმ. კედელზე საკურთხევლის სარკმლის თავზე გამოყვანილია რვასტრიქონიანი წარწერა: „ქ˜ე დ˜თ ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და (მშრ)ომელთა ამას ეკლე(სიასაში)ნა შეხეწიე. ი. ი“. წარწერა კომპოზიციურად დაკავშირებულია ტაძართან და კედელში ჩასმულია მშენებლობის პროცესში; წარწერის ცენტრში მოთავსებული „ბოლნური ჯვრითაც“ იგი ბოლნისის სიონის მხატვრული დეკორის ორგ. ნაწილს წარმოადგენს (გ. ჩუბინაშვილი).
ი. ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ წარწერაში ნახსენები დავით ეპისკოპოსი 506 დვინში ჩატარებული ალბანელთა, ქართველთა და სომეხთა გაერთ. საეკლესიო კრების მონაწილეებს შორის დასახელებული ბოლნელი დავით ეპისკოპოსია; წარწერაც, შესაბამისად, მან V–VI სს-ით დაათარიღა. „ი ი“ გახსნილია ასე: „იყავნ, იყავნ“ (კ. კეკელიძე). ჩრდ. ფასადის დას. კარის ბალავრის ქვედა მხარეზე ერთსტრიქონიანი წარწერაა: „(შეწევ)ნითა ქჱსითა მე ფარნ[...] და აზარუხტ შეხუა(ბთ) ესე კარი (სა)ლოცველად (სულთა ჩუენთათჳს)“. დაზიანებული საკუთარი სახელისათვის ნავარაუდევია ფორმები: ფარნევან, ფარნავაზ და სხვ. წარწერაში ნახსენებ პირთა ვინაობა ცნობილი არ არის. ცუდად ჩანს აგრეთვე წარწერის ბოლო, რ-იც სხვადასხვაგვარად არის ამოკითხული. განსაკუთრებით რთულია ჩრდ. ფასადის აღმ. კარის ბალავრის ოთხსტრიქონიანი წარწერის მთლიანი ამოკითხვა. კედელზე შერჩენილი დასაწყისები და ბოლოები სტრიქონებისა ამჟამად თითქმის სრულიად აღარ იკითხება, დაზიანებულია 1937 აღმოჩენილი ცენტრ. ნაწილის თავიცა და ბოლოც. ნაკლული ტექსტის სავარაუდო აღდგენით შემოთავაზებულია წარწერის შემდეგი წაკითხვა: „[შეწევნითა წდ]ისა სამებისაჲთა ოც წლისა პეროზ მეფ[ისა ზე] [ხიქმნა დაწყებაჲ] ამის ეკლესიაჲსაჲ და ათხუთმეტ წლის[ა შემდგომად] [განხეშორა ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს ღნ შეიწყალენ და ვინ ა [მის ეკლ] [ესიაჲსა და(ვი)თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღნ შეიწყალენ [ამჱნ]“ (ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, 1940). წარწერა დათარიღებულია პეროზ მეფის ხსენების მიხედვით: მისი მეფობის მეოცე (479) წელს დაწყებული მშენებლობა დამთავრებულა 15 წლის შემდეგ, ე. ი. 493 – 494. ეს წარწერა აზუსტებს დავით ეპისკოპოსის პირველი წარწერის თარიღსაც და ბოლნისის სიონის აგების დროსაც (ლ. მუსხელიშვილი, გ. ჩუბინაშვილი). ოდნავ განსხვავებულად წაიკითხა წარწერა ა. შანიძემ 1975 და 1977 წლებში: „[შეწევნითა წდ]ისა სამებისაჲთა ოც წლი(სა) პეროზ მეფი[სა ზეობასა დახი] [დვა საფუძველი] ამის ეკლესიაჲსაჲ და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად] [განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანისხცეს ღნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა] [მაშჱნებელსა დთ ე]პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღნ შეიწყალენ“. ძირითადად ასე ამოიკითხეს ეს წარწერა ნ. შოშიაშვილმაც და ე. მაჭავარიანმაც. ბოლნისის სამივე წარწერა შესრულებულია მსხვილი რელიეფური მრგვლოვანი დამწერლობით. კვეთის თავისებურებით, წერის მანერითა და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ისინი ერთი ეპოქისაა, სამივე დაკავშირებულია ბოლნისის სიონის მშენებლობასთან. ბ. წ. საქართვ. ტერიტორიაზე მოპოვებული უძველესი წერილობითი ძეგლია.
მათთვის დამახასიათებელია ხანმეტობა (შეხეწიე, შეხუაბთ, თაჳყანისხცეს, ხულოცოს). გრაფიკისა და ენობრივი ნიშნების მიხედვით ბ. წ. ახლოსაა უძველეს ქართ. ხანმეტ ტექსტებთან (V – VII სს.). მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ქართ. ენის, საქართვ. ისტ. და კულტ. წარსულის შესასწავლად. ბოლნისის სიონის სხვა წარწერათაგან აღსანიშნავია წარწერა სამხრ. კარის ბალავრის ქვაზე, რ-შიც მოხსენიებულია ბოლნელი მღვდელთმოძღვარი (X ს.).
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ბოლნისის ტაძრის წარწერების ინტერპრეტაციისათვის, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 6, თბ., 1960; მ ა ჭ ა ვ ა რ ი ა ნ ი ე., ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, თბ., 1985; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ბოლნისი, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 3; მისივე, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავერის ხეობაში, თბ., 1941; ქართული წარწერების კორპუსი. ლაპიდარული წარწერები, წგ. 1, შემდგ. ნ. შოშიაშვილი, თბ., 1980; შ ა ნ ი ძ ე ა., ბოლნისის წარწერები, «ნობათი» („ცისკრის“ დამატება), 1975, № 1; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 1 – ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949; Ч у б и н а ш в и л и Г., Болнисский Сион, «ენიმკის მოამბე», 1940, т. 9. ს ა რ ჯ ვ ე ლ ა ძ ე ზ., ბოლნისის სიონის წარწერები, „ნაკადული“, 1991, №2; პ ა ტ ა რ ი ძ ე რ., ბოლნისის სიონის წარწერები „ძიებანი“, 1999, №3; ს ი ლ ო გ ა ვ ა ვ., ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994.
მ. შანიძე