ბოლოთრია, ქართული ხალხური ბორბლიანი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა. იყენებდნენ აღმ. საქართველოში, ქართლის ბარისა და მთის გარდამავალ ზოლში. ზოგან ახლაცაა შემორჩენილი.
ბ. შერეული სახის ტრანსპორტია, მასში თავისებურადაა შეხამებული ბორბლიანი ურემი და მარხილი. ბ-ს ოთხკუთხა კორპუსი შედგება პარალელური გრძელი ძელებისა („დათვები“) და რამდენიმე გარდიგარდმო ხარიხისაგან (დანდლები); ხელნებით უკავშირდება უღელს, კორპუსი წინა ნახევრით ეყრდნობა დაბალთვლიან ღერძს, რის გამოც უკან არის გადაწონილი და „დათვების“ მსხვილი ბოლოებით მიწას ეხება. საზიდის სახელწოდებაშიც სწორედ ეს სპეციფიკა ჩანს. მოძრაობის დროს „დათვების“ ბოლო ყოველთვის მიწაზე ეთრევა და ამდენად მუდმივი მუხრუჭის როლსაც თამაშობს. ბ-ს კორპუსის წინა და ბოლო ნაწილები ლატნებით არის ბადისებურად გაწყობილი, იგი უმთავრესად ნამკალისა და თივის საზიდია. მასში უღელ ხარს ან კამეჩს აბამენ. ტვირთს ამაგრებენ ბერათი (გრძელი ძელი) და თოკით.
ლიტ.: გ ე გ ე შ ი ძ ე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, [ტ.] 1, თბ., 1956.
მ. გეგეშიძე