ბოლოცეცხლა (Phoenicurus), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა.
მოიცავს ევრაზიასა და ჩრდ. აფრიკაში გავრცელებულ 10 სახეობას, აქედან საქართველოში არის 3 სახეობა: ჩვეულებრივი ბ. (P. phoenicurus), რ-იც მობუდარი გადამფრენია, ბინადრობს მთის ტყიან ზონაში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში, აპრილ-მაისში დედალი დებს 4 – 6 კვერცხს, რ-თა ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება.
შავი ბ. (P. ochruros), აგრეთვე მობუდარი გადამფრენი ფრინველია. ბინადრობს ხევებში, ქვაღორღიან ადგილებში, ბუჩქნარში და სხვ. აღწევს ზ. დ. 2800 მ-მდე. ზაფხულის განმავლობაში 2-ჯერ ბუდობს, თითო ჯერზე დებს 4–5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 2 კვირას. წითელმუცელა ბ. (P. erythrogaster) ზომით დანარჩენებზე დიდია, ჩვენში მობინადრეა, აღწევს ზ. დ. 4 ათ. მ-მდე.
ბინადრობს მაღალ ალპ. ველებზე – მთის ღრმა, ბნელ ხეობებში, ფლატეებში, ხრამებში, მსხვილ ქვაყრილებზე. მაისში დედალი დებს 3–5 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე. ბ-ები იკვებებიან მწერებით.
წითელმუცელა ბ. მცირერიცხოვნობის გამო შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
რ. ჟორდანია