ბოლქვაძე გიორგი ქაიხოსროს ძე (1835 – 1921, ქუთაისი), ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალისტი.
განათლება მიიღო სტამბოლში, ათენში (დაამთავრა სამიწათმოქმედო აკადემია, 1853), საფრანგეთსა და გერმანიაში. ბ. იყო ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრ. ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის, პარიზის ეროვნული აკად. (1876), პარიზის სამიწათმოქმედო აკად. (1889) ნამდვილი წევრი და საფრანგეთის ლაურეატი. 1860 ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ-არაყის ქ-ნა. აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისგან შექმნა ქართ. კონიაკის (1865), რთული ლიქიორის, რომის, სამკურნ. და მწარე არყის მრავალი სახეობა.
ბ. იყო მუდმივი მსოფლიო გამოფენის (ბრიუსელში) და 50-მდე საერთაშ. გამოფენის (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ბელგია, იტალია, აშშ, რუსეთი და სხვ.) მონაწილე. მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო, მ. შ. 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი, აქედან ნატურალურ კავკასიურ კონიაკს აქვს 23 ჯილდო (პირველი პარიზში – 1878), „ხელოვნურ კონიაკს № 3“ – 9 ჯილდო და „ძველისძველ კონიაკს“ – 1 ჯილდო (ფილადელფია, 1876), იყო XIX ს. სამეცნ. კონგრესისა და „საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა“ ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე.
დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენებით.
ლიტ.: შ ო შ ი ტ ა ი შ ვ ი ლ ი მ., სამამულო მაგარი სასმელების მრეწველობის ისტორიიდან, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლ. ინ-ტის შრომები», თბ., 1985; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე ზ., მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში, თბ., 1911.
მ. შოშიტაიშვილი