ბოლქვაძე ზაურ ემელიანის ძე (2. IV. 1933, სოფ. გუთური, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 2,3. 06. 1997, ‒თბილისი), პოეტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1983).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1956). სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ში (იყო ალმანახ „პირველი სხივის“ პასუხისმგებელი მდივანი), ჟურნ. „ცისკარსა“ და „ნიანგში“ (1980-იდან მთავარი რედაქტორი); რედაქტორობდა აგრეთვე „ნიანგის ბიბლიოთეკის“ სერიის სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებულებსა და ბუკლეტს „ნიანგი გზაჯვარედინებზე“.
ბ-ს ეკუთვნის ლექსთა კრებულები: „ღელვის დასაწყისი“ (1961), „ლექსები“ (1964), „მიწის სიმწვანე“ (1970), „ვარსკვლავები“ (1970), „ლექსები“ (1972), „საქართველოს სასიცოცხლოდ“ (1975), „ხმალს დავემსგავსოთ ალესილს“ (1977), „მარადიული ცეცხლი“ (1987). ავტორია აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა 4 წიგნისა („ახალგაზრდა რობოტის ვნებანი“, „დღეს პირველი აპრილია“, „სიბრძნე სიცილისა“, „დახასიათება“). თარგმნა ტ. შევჩენკოს, ნ. ტიხონოვის, ა. ტვარდოვსკის, ბ. ახმადულინას, იანკა კუპალას და სხვათა ლექსები.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
ლიტ.: თ ა ვ ა ძ ე ა. ზაურ ბოლქვაძე - არდავიწყებასთან წილნაყარი სული, „ნუგეში“, 2004, №1 –2.