ბოლქვაძე თამარ სპირიდონის ასული (9. VI. 1904, ქუთაისი, – 15. V. 1972, თბილისი), კინომსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1961).
დაამთავრა ქუთ. წმინდა ნინოს სასწავლებელი. ბ-ის პირველი როლია ვალიდა ი. პერესტიანის ფილმში „სამი სიცოცხლე“ (გ. წერეთლის რომანის „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით, 1924). სხვა როლები: ელო – ადამის ქალიშვილი, („ხანუმა“, რეჟ. ა. წუწუნავა, 1926), მერი (თავადის ასული მერი“, (რეჟ. ვ. ბარსკი, 1926), ტელემაკის ქალიშვილი გულო („ჯანყი გურიაში“, რეჟ. ა წუწუნავა, 1928), პროკურორის ცოლი („საკანი № 79“, რეჟ. ზ. ბერიშვილი, 1930).
მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა გულწრფელობით, სინატიფით, გრაციოზულობით. 1938-იდან მუშაობდა რადიოკომიტეტში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ბ. იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რ-თაც საფუძველი ჩაუყარეს ქართ. კინოხელოვნებას.
ა. გვენცაძე