ბოლქვაძე ლევან (ლეო) სერგოს ძე (25. I. 1924, თბილისი, – 20. VI. 1986, იქვე), ფილოლოგი, მწერალი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1956). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1987, სიკვდილის შემდეგ).
სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე (1940–45). 1945–56 იყო პოლიტპატიმრობაში, 1956 რეაბილიტირებულ იქნა. დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის (ახლანდ. ილია ჭავჭავაძის უნ-ტი) სახ. პედ. ინ-ტი (1959). 1963 – 66 მუშაობდა ამავე ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის კათედრაზე მასწავლებლად, 1966-იდან იყო ქართული ენციკლოპედიის სალიტ. კონტროლის რედაქციის უფროსი სამეცნ. რედაქტორი, 1969-იდან სიცოცხლის ბოლომდე – ქართული ენციკლოპედიის სამეცნ. კონტროლის რედაქციის გამგე.
მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის მრავალტომეულის მომზადებასა და გამოცემაში. ავტორია მასში დაბეჭდილი მრავალი სტატიისა. ბ-ს ეკუთვნის სამეცნ. ხასიათის წერილები და მხატვრული ნაწარმოებები; მისი პიესა „უცნაური სტუმრები“ დაიდგა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრში (1961).
აღსანიშნავია ბ-ის პროზაული ნაწარმოები „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ (1978). თარგმნა ბ. პასტერნაკის „წერილები ქართველ მეგობრებს“ (1969), კაზის საიას „ჯადოსნური სათვალე“ (1974), ი. ტურგენევის „მუმუ“ (1982), ე. სეტონ-თომფსონის „როლფი ტყეში. პატარა ველურები“ (გამოიცა 1988) და სხვ.
ლიტ.: ჯ ო ხ ა ძ ე მ., მზერის გადანაცვლება, თბ., 1988.