ბოლქვაძე მამუდ აბდულის ძე (17. II. 1927, სოფ. აქუცა, ქედის მუნიციპ-ი, – 2. I. 1989, ბათუმი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1980), აჭარის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961).
1949 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები ი. ნიკოლაძე, ს. კაკაბაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1949-იდან. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბათუმში. 1968 – 82 იყო აჭარის მხატვართა კავშირის თავ-რე. ბ-ის ნამუშევრებს ახასიათებს დაზგური ქანდაკების ამოცანების გაღრმავებისაკენ სწრაფვა, ჟანრის სპეციფიკის ღრმა წვდომა.
მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ი. ჯავახიშვილის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის პორტრეტები (ყველა ბათუმი), „ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი“ (1956), „კოლმეურნე“ (1958), „ქალის პორტრეტი“ (1972). ავტორია მრავალფიგურიანი კომპოზიციებისა („ხორუმი“, 1956) და სხვ.