ბოლხოვიტინოვი ევფიმი ალექსის ძე (ბერობაში ევგენი) [18 (29). XII. 1767, ვორონეჟი, – 23. II (7. III). 1837, კიევი], რუსი ისტორიკოსი, ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, პალეოგრაფი, ბიბლიოგრაფი. კიევის მიტროპოლიტი (1822-იდან).
მისი მეცნ. მოღვაწეობა დაკავშირებულია ნ. რუმიანცევის სამეცნ. წრესთან, რ-შიც გაერთიანებული იყვნენ გამოჩენილი სწავლულნი. ბ. იყო რუს. 3 აკადემიის, 8 უნ-ტის და მრავალი სამეცნ. საზ-ბის ნამდვილი ან საპატიო წევრი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძვ. რუსული წერილობითი ძეგლების შეკრებითა და გამოცემით. იგი ავტორია მდიდარ საარქივო მასალებზე დამყარებული ფუნდამენტური ნაშრომებისა, რ-ებიც დღემდე ინარჩუნებენ მეცნ. მნიშვნელობას.
აღსანიშნავია ბ-ის ნაშრომი „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწავლა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (1802, სპბ; 1804, გერმ. ენაზე). ეს პირველი დაბეჭდილი ნაშრომია, რ-მაც გააცნო რუსეთს, ხოლო შემდეგ ევროპას რუსთაველის სახელი. ბ-მა თარგმნა ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი, სამეცნ. მიმოქცევაში შემოიტანა ჩახრუხაძის, პეტრიწის, ს.-ს ორბელიანის სახელები, დაახასიათა ქართ. ლექსი, მისი რაობა, რითაც სათავე დაუდო ქართ. პოეტიკის კვლევას რუს. ბეჭდურ ლიტ-რაში.
მიუხედავად ნაშრომში დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომებისა, მას დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. „საქართველოს ისტორიული სურათის...“ შედგენაში ბ-ს არსებითი დახმარება გაუწიეს იმხანად პეტერბურგში მყოფმა ქართველმა მოღვაწეებმა: მირიან, იოანე, ბაგრატ, დავით და მიხეილ ბატონიშვილებმა, გარსევან ჭავჭავაძემ, ვარლამ დავითის ძე ერისთავმა და რუსმა ისტორიკოსმა ნ. ბანტიშ-კამენსკიმ.
ქართ. კულტურის საკითხებს ბ. ეხება თავის სხვა ნაშრომებშიც. იგი ავტორია ანონიმურად გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა.
ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ლ., ვეფხისტყაოსნის რევოლუციამდელი რუსი მთარგმნელები, კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, [ტ.] 3, თბ., 1968; ლ ე კ ი შ ვ ი ლ ი ს., ძველი ქართული კულტურის საკითხები ე. ბოლხოვიტინოვის ნაშრომებში, თბ., 1987; შ ა რ ა ძ ე გ., ევგენი ბოლხოვიტინოვი – პირველი რუსი რუსთველოლოგი, თბ., 1978; Ш м у р л о Е., Митрополит Евгений как ученый, СПБ., 1888.
ს. ლეკიშვილი