ბომბორის განძი, ძვ. წ. VIII ს. არქეოლოგიური ძეგლი, შემთხვევით აღმოაჩინეს 1910 ბომბორის მინდვრის დას. ნაწილში (გუდაუთის მუნიციპ.).
შეიცავდა ბრინჯაოს ფიგურებისა და ჭვირული ფირფიტებისაგან შედგენილ რიტუალური დანიშნულების საგნებს. 2 მძივისა და ოქროს სამტოტა ფირფიტის მიხედვით ფიქრობენ, რომ ბ. გ. სამარხის ინვენტარია. ბრინჯაოს საგანთა შორის იყო ცხენების, ძაღლების, ურქო თხის, ცხვრის, ვარხვის, ბავშვიანი ქალისა და სავარძელში მჯდომი მამაკაცის ფიგურები (მამაკაცი ყანწიდან სვამს). ცხოველთა ფიგურების ზომებია 6,4X5,5 სმ-იდან 7,6X6,7 სმ-მდე. ადამიანებისა და ფრინველის გამოსახულებანი უფრო მომცროა. ყველა ფიგურას თან ახლავს 10 -13 სმ სიგრძისა და 1,5 – 2 სმ სიგანის ჭვირული ორყურა ფირფიტები, დაკავშირებული ნაყოფიერების ღვთაების კულტთან. განძი დაცულია მოსკ. ისტ. მუზეუმსა და სანქტ-პეტერბ. სახელმწ. ერმიტაჟში.
ლიტ.: К у ф т и н Б. А., Материалы к археологии Колхиды, [т.] 1, Тб., 1949; Л у к и н А. Л., Материалы по археологии Бзыбской Абхазии, «Труды отдела истории первобытной культуры Гос. Эрмитажа», 1941, т. 1.
რ. ფუთურიძე