ბორი (Bohr) ნილს ჰენრიკ დავიდ (7. X. 1885, კოპენჰაგენი, – 18. XI. 1962, იქვე), დანიელი ფიზიკოსი, ატომის კვანტური თეორიის შემქმნელი.
დაამთავრა კოპენჰაგენის უნ-ტი (1908). მუშაობდა (1911–12) ინგლისელ ფიზიკოსებთან ჯ. ჯ. ტომსონსა (კემბრიჯში) და ე. რეზერფორდთან (მანჩესტერში). 1916-იდან კოპენჰაგენის უნ-ტის თეორ. ფიზ. კათედრის გამგეა. 1920-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თავის მიერ დაარსებულ კოპენჰაგენის თეორ. ფიზ. ინ-ტს, რ-იც საერთაშ. სამეცნ. ცენტრად გადაიქცა. დანიის გერმ. ოკუპაციის შემდეგ (1943) წინააღმდეგობის ორგანიზაციამ ბ. მალულად გადაიყვანა ჯერ შვეციაში, ხოლო იქიდან ინგლ. სამხ. თვითმფრინავით – აშშ-ში, სადაც ბ. მონაწილეობდა ატომური ბომბის შექმნაში. 1945 სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ატომური საშიშროების წინააღმდეგ ბრძოლაში.
დიდი წვლილი შეიტანა კვანტური მექან., ატომის ბირთვის, ბირთვული რეაქციებისა და ელემენტარული ნაწილაკების გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესების თეორიის დამუშავებაში. შექმნა ატომის თეორია (1913), რ-საც საფუძვლად დაუდო თავისივე პოსტულატები. 1927 ჩამოაყალიბა კვანტური მექან. ერთ-ერთი ძირთადი პრინციპი – დამატებითობის პრინციპი. 1936 შემოიღო „შედგენილი ბირთვის მოდელი“. შრომები აქვს აგრეთვე ფილოსოფიასა და ბუნებისმეტყველებაში.
1961 ბ-მა იმოგზაურა საქართველში, შეხვდა ქართ. სამეცნ. საზ-ბას. ბ. იყო დანიის სამეფო საზ-ბის (მეცნ. აკად.) პრეზიდენტი (1939-იდან, 1917-იდან წევრი) და უცხოეთის მრავალი აკად. და სამეცნ. საზ-ბის წევრი. ნობელის პრემია (1922).
თხზ.: Избр. Научные труды, т. 1–2, М., 1970–71.
ლიტ.: პ ა რ კ ა ძ ე ვ., ნილს ბორი, თბ., 1989; Нильс Бор. Жизнь и творчество, пер. с дат., М., 1967; Нильс Бор и развитие физики, пер. с. Англ., М., 1960.