გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები

გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები, ქართული საბავშვო ფოლკლორის სახეობა, რ-ის ძირითადი დანიშნულებაა მოპაექრის გაღიზიანება და დაცინვა-გამოჯავრება.

ეს ლექსები დღეს მხოლოდ მოზარდთა შორისაა გავრცელებული, თუმცა წარმოშობით უკავშირდება ფოლკლორულ ნიმუშებს, რ-ებშიც საზ-ბის მტრულად განწყობილი ჯგუფების თუ წევრების ჭიდილი გამოიხატებოდა.

გ. და ს. ლ. მცირეფორმიანი ტექსტებია, მათში აქცენტი ძირითადად რითმაზეა გადატანილი. პატარა მოპაექრეები მიზანში ამოღებული სახელების, ხასიათისა და თვისებების ქილიკური მხილებით აღწევენ ერთმანეთის ლანძღვა-გაღიზიანებას, გაკილვა-განქიქებას. ამ ლექსებში მარტივი სახეებით, ადვილად მისაწვდომი ხერხებით დაგმობილია უქნარობა, სიზარმაცე, ჭირვეულობა, სიცრუე, გაუმაძღრობა და სხვა მანკიერი თვისებები („მტირალა, მტირალა...“, „საქმეზე წელი გწყდებაო“ და მისთ.).

ასეთი ლექსები ზოგჯერ კითხვა-პასუხს შეიცავს ან სიტყვების თამაშზეა აგებული, ხშირად იმპროვიზაციული ხასიათისაა.

ლიტ.: ზანდუკელი ფ., ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები, თბ., 1977.

ფ. ზანდუკელი