ავადობა, სტატისტიკური მონაცემების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას მოსახლეობაში დაავადებათა გავრცელების შესახებ.
დაავადების სიხშირე პოპულაციურ ჯგუფებში უმთავრესად გამოითვლება შემდეგი ფორმულით: სიხშირე მოცემულ პერიოდში დაავადებულთა რაოდენობის შეფარდებით რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის საერთო რიცხვთან იმავე პერიოდში X 10 N, სადაც 10N შეიძლება იყოს 100; 1000; 10000 და ა. შ.). დროის პერიოდი, როგორც წესი, 1 წელია. თუ საუბარია კალენდარულ წელიწადზე, მაშინ გამოიყენება წლის შუა პერიოდი, მაგ., პოპულაციის მოსალოდნელი რაოდენობა 1 ივლისს.
„ინციდენტობა“ (Incidence), ანუ ა. ასახავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ახალ შემთხვევებს, რ-იც პოპულაციაში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ვლინდება. მაჩვენებელი გამოითვლება დაავადების ახალი შემთხვევების გაყოფით რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე დროის იმავე პერიოდში. პრევალენტობა (Prevalence – გავრცელება) იმ ადამიანთა საერთო რაოდენობაა, რ-თაც აღენიშნებათ ატრიბუტული ან მოცემული დაავადება დროის კონკრეტულ მომენტში. მომენტალური პრევალენტობის მაჩვენებელი გამოითვლება დროის მოცემულ მომენტში კონკრეტული დაავადების მქონე პირთა საერთო რაოდენობის შეფარდებით რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობასთან. პერიოდული პრევალენტობის გამოთვლისას მრიცხველში იწერება დაავადებულთა საერთო რიცხვი დროის მოცემულ პერიოდში (და არა მომენტში).
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება დიდადაა დამოკიდებული მათი თავისებურებების შესწავლასა და გამოვლენაზე. დაავადების აღრიცხვა უმეტესად ხდება სამკურნალო (პირველადი, მეორეული და მესამე დონის) დაწესებულებებში პაციენტების მიმართვისას ან პოპულაციურ ჯგუფებში სამედიცინო გასინჯვის დროს.
მოსახლეობის ა-ის თავისებურებანი განპირობებულია მულტიფაქტორული (ენდოგენური, ეგზოგენური, სოციო-ეკონომიკური და ა. შ.) ეფექტით. ა-ის შესწავლის უმთავრესი მიზანია არა მარტო დაავადებების გამოვლენა და გავრცელების დონის დადგენა, არამედ არსებული მონაცემების საფუძველზე შესაბამისი სამკურნალო და პრევენციული ინტერვენციების დაგეგმვა და გატარება.
საქართველოში ა-ის ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრის ვებგვერდზე.
ლ. ბარამიძე