აბაშიძე ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე (1849, სოფ. დილიკაური, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 9. VI. 1917, სოფ. კაცხი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი), პოეტი, თეატრალური მოღვაწე. პოეტი ქალის ნ. ორბელიანის ძმა. დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. იყო ნ. ავალიშვილის მიერ 1867 ჩამოყალიბებული დრამ. წრის წევრი. 1872-იდან მსახურობდა საჩხერეში, ფოთში, აბაშაში მომრიგებელ მოსამართლედ, მაზრის უფროსის თანაშემწედ და სხვ. ხშირად მართავდა წარმოდგენებს პროვინციაში. ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას, წერდა ლექსებს. 1878 გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნდა მისი ლექსი „ე. ნ-ს“ (ისევ შენ და ისევ შენ...“, მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდეგში ეს ლექსი შევიდა კრებულებში („სალხინო საზანდარი“, „ჩანგი“) ავტორის დაუსახელებლად. ლექსი ხალხში სიმღერად იქცა, ხოლო კომპოზ. ანდრია ყარაშვილმა ნოტებზე გადაიღო და პოპულარული ქართ. რომანსი შექმნა. იგი ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს.
ლიტ.: [ირემაძე] ქ., ლიტერატურული მედალიონები, [თბ.], 1946.
მ. შონია