გამსი

გამსი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), გუდამაყრის არაგვის მარჯვ. ნაპირას, მთიულეთის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთის ძირში. ზ. დ. 1440 მ, დუშეთიდან 54 კმ. 20 მცხ. (2014).

სოფლის დას-ით მდებარეობს წვერის ანგელოზის საქვაბე. საქვაბე გადახურულია თუნუქით. აშენებულია ძვ. ნაგებობის ადგილზე. კედლები ნაგებია მშრალად. შესასვლელი დატანებულია აღმ. კედელში. მის ზემოთ ძვ. ნასოფლარია, სადაც რამდენიმე ნამოსახლარი შეინიშნება; იქვეა წვერის ანგელოზის სასანთლე ნიში – ქვისგან გამოკვეთილი სწორმკლავებიანი ჯვარი, რ-ის კვარცხლბეკი კირითაა შელესილი. კიდევ უფრო მაღლა, წვერის ანგელოზის სალოცავთან, ციცაბო მთის კონცხზე, ზურგიანი კოშკის ნაშთია. კოშკის კედლები მშრალადაა ნაგები ციკლოპური ლოდებით. შუბლით აღმ-კენაა მიქცეული. ზურგით – დას-კენ. კოშკის დას-ით 60–70 მ-ზე სათავსის ნაშთია. კოშკის დათარიღება ძნელია.

ი. წიკლაური