გამყივანი

გამყივანი, ქართული ხალხური (გურული და აჭარული) მრავალხმიანი (სამ და ოთხხმიანი) სიმღერის მაღალი, მოძრავი ხმა. გამოირჩევა მჭახე, სპეციფ. ტემბრით. გვხვდება სიმღერების გარკვეულ ჯგუფში („ნადური“, „ჰადილა“, „კალოს ხელხვავი“). წააგავს წვრილსა და კრიმანჭულს. წვრილისაგან განსხვავდება თავისებური ტემბრით, კრიმანჭულისაგან – შედარებით შეზღუდული დიაპაზონით. სიმღერის შესრულებისას მაღალი ხმა ხშირად გადადის გ-იდან კრიმანჭულზე და პირიქითაც. თანდათანობით დევნის კრიმანჭული. გ-ის სასიმღერო ტექსტი წარმოადგენს გლოსოლალიებს (შინარსს მოკლებულ ან ფუნქციადაკარგულ სიტყვებსა და მარცვლებს)–რიმტირი, ტიმტირი, ვარირა, ჰოვდილა, რი, რა, რუ, დილ, ია, უა და ა. შ.

ს. ჟორდანია