გამყრელიძე ალექსანდრე გალაქტიონის ძე

გამყრელიძე ალექსანდრე გალაქტიონის ძე (30. X. 1918, სოფ. ჯინჭვისი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 28. VIII. 1971, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1948). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ინგლ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბა (1941), შემდეგ – ასპირანტურა კლასიკური ფილოლ. სპეციალობით. წლების მანძილზე კითხულობდა ბერძნ., ლათ. ენებისა და ანტ. ლიტ-რის ისტ. კურსს თსუ-სა და თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში, 1945–65 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის წყაროთმცოდნეობის განყ-ბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, 1965–71 – ხელნაწერთა ინ-ტის დირექტორის მოადგილე. მისი სამეცნ.-კვლ. თემატიკა უმთავრესად ეხება რომთან და ბიზანტიასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებს. თარგმნა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის, მიქაელ პანარეტოსის, გიორგი აკროპოლიტეს, ლაონიკე ქალკოკონდილეს, გიორგი ფრანძესის, კორნელიუს ტაციტუსის, პლინიუს უფროსის, პომპონიუს მელას, ამიანე მარცელინუსისა და სხვ. ნაწარმოებები, შეისწავლა მათი შემოქმედება. თარგმნა აგრეთვე უ. თეკერეის „ამაოების ბაზარი“, ფ. კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“, რ. სტივენსონის „განძის კუნძული“ და „შავი ისარი“, ლ. კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ჯ. გოლზუორთის „ვაშლის ყვავილი“, ე. პოს „ოქროს ხოჭო“ და სხვ. ეკუთვნის ნაშრომები: «„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ერთი ადგილის წაკითხვისათვის», „თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების ერთი ადგილის გარკვევისათვის“ და სხვ.