გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე

გამყრელიძე ვიქტორ მერაბის ძე [9 (21). I. 1866, სოფ. აწყური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 14. VIII. 1942, თბილისი], მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1932). 1884 დაამთავრა თბილ. სამასწავლებლო ინ-ტი. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ინ-ტის წარმოდგენებსა და კონცერტებში. 1885 ჩაირიცხა თბილ. ქართ. თეატრში, სადაც 1900-მდე მოღვაწეობდა. ამის შემდეგ მუშაობდა საქართვ. სხვადასხვა პროფ. დასში, მ. შ. რამდენიმე სეზონი – ქუთ. თეატრშიც; ასრულებდა კომ.-სახასიათო როლებს. დაუვიწყარი სახეები შექმნა ა. ცაგარლის პიესებში: გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ივანე („ციმბირელი“), ვანო ფანტიაშვილი („ხანუმა“) და სხვ. წარმატებით ასახიერებდა აგრეთვე სახასიათო დრამ. როლებს: ანანია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი“), დე სილვა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კლავდიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გ-ის მიერ 1892 განსახიერებული სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), რ-საც ი. ჭავჭავაძემ საგანგებო წერილი უძღვნა („ბ-ნი ვიქტორ გამყრელიძე სვიმონ ლეონიძის როლში“, თხზ., ტ. 2, 1941). 1925–35 „სახკინმრეწვის“ სტუდიაში მუშაობდა. გადაღებულია ფილმებში:„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (რეჯეთი, რეჟ. მ. გელოვანი, 1928), „უგუბზიარა“ (კონდრატი, რეჟ. დ. რონდელი, 1930), „უკანასკნელი მასკარადი“ (მიხო, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1934), „არსენა“ (გივი, მ. ჭიაურელი, 1937) და სხვ.

შ. ცუცქირიძე