გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე

გამყრელიძე ივანე ევდოკიმეს ძე [17 (29). II. 1856, სოფ. უწერა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 2. XII. 1939, თბილისი], პედაგოგი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1878-იდან მუშაობდა თბილ. პროგიმნაზიის (შემდგომში–თბილ. II გიმნაზია) მასწავლებლად, ინსპექტორად. 1905 მიიწვიეს თბილ. ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორად. გ. ამ სკოლის პირველი ქართვ. დირექტორი იყო. 1911 პოლიტ. არასაიმედოობის ბრალდებით მოხსნეს. 1915 დააარსა „საშუალო კულტურულ-ტექნიკური სასწავლებელი“, სადაც თავი მოუყარა სხვა სკოლებიდან გარიცხულ მოსწავლეებს. მოგვიანებით ეს სკოლა ტექნიკურად გადაკეთდა და 1921 შემდეგაც განაგრძობდა არსებობას. გ-ს ეკუთვნის კრებული „თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზია გელათში“, სადაც აღწერილია 1906 მოსწავლეთა მოგზაურობა ქუთაის-გელათში. მოგზაურობა-ექსკურსია, გარდა ისტ. ძეგლთა დათვალიერებისა, მიზნად ისახავდა სკოლის შემოქმედებით და სპორტ. წრეების ნამუშევართა დემონსტრირებას.

დ. გურგენიძე