გამყრელიძე რევაზ ვალერიანის ძე

გამყრელიძე რევაზ ვალერიანის ძე ( 4. II. 1927, ქუთაისი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1981). რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2003), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962). სწავლობდა თსუ-ში. დაამთავრა მოსკ. სახელმწ. უნ-ტი (1950). 1953-იდან მუშაობდა რუს. მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში. 1988-იდან იყო ამ ინ-ტის ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა განყ-ბის გამგე. 1961-იდან – რუსეთის რეფერატული ჟურნ. „მატემატიკის“ მთავარი რედაქტორი და რუსეთის მეცნ. და ტექ. ინფორმაციის ინ-ტის მათ. განყ-ბის ხელმძღვანელი. 1968-იდან – თსუ-ის მართვის თეორ. კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიის, დიფერენც. განტოლებათა, ავტომ. მართვის და ოპტიმალურ პროცესთა თეორ. საკითხებს და სხვ. გამოთვალა კომპლექსურ ალგებრულ მრავალსახეობათა მახასიათებელი კლასები, ე. წ. ჩერნის ციკლები. გ-მ პირველმა მათემატიკურად დააფუძნა მაქსიმუმის პრინციპი წრფივი სწრაფქმედი ოპტიმალური სისტემებისათვის, გამოიკვლია შემოსაზღვრული ფაზურკოორდინატებიანი ოპტიმალური პროცესები, შემოიღო მცოცავი ოპტიმალური რეჟიმის ცნება და კვაზიამოზნექილი სიმრავლის ცნება წრფივ ტოპოლოგიურ სივრცეში, რ-თა დახმარებით შეიქმნა ექსტრემალურ ამოცანათა ზოგადი თეორია (ლენინური პრემია, 1962, ლ. პონტრიაგინთან, ვ. ბოლტიანსკისა და ე. მიშჩენკოსთან ერთად; ა. რაზმაძის სახ. პრემია, 1980).

თხზ.: Математическая теория оптимальных процессов, [3 изд.], М., 1976 (თანაავტ.); Основы оптимального управления, 2 изд. Тб., 1977.

ლიტ.: ებანოიძე თ., რ. გამყრელიძის დაბადების 60 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1987, № 2.