„განგება დარბაზობისა“, ქართული სამართლებრივი ძეგლი. უძველეს ნუსხაში (XVI ს.) სათაურად აქვს „წესი და განგებაჲ დარბაზობისა, რომელი აღესრულების მცხეთას კურთხევასა მეფეთასა“. შეიცავს საქართველოში საკუთარი მირონის კურთხევისა და დარბაზობის წესების აღწერას. მიეწერება მიქაელ კათოლიკოსს (V ს.). თვით ძეგლში დაცული ცნობების მიხედვით, XV ს-ზე ადრე არ უნდა იყოს შედგენილი: ტექსტში გვხვდება ანაქრონიზმები (მაგ., იხსენიება ათაბაგი); დარბაზობის წესი მხოლოდ აღმ. საქართველოსათვის უნდა იყოს განკუთვნილი (მასში, ჭყონდიდლის გამოკლებით, მარტოოდენ აღმოსავლელი მღვდელმთავრებია მოხსენიებული). ძეგლში განსაზღვრულია სამღვდელოების წარმომადგენელთა ადგილ-პატივი მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით გამართული დარბაზობის დროს (იხ. სტ. ჯდომის წესი|ჯდომისა და დგომის წესი): მოჩანს ადგილუფროსობისათვის ბრძოლის ძლიერი ანარეკლი – მაწყვერელი იშხნელზე ბევრად მაღლა დგას, მაშინ როდესაც ხელმწიფის კარის გარიგებაში (იხ. „გარიგება ჴელმწიფის კარისა“) იშხნელი პირველია ეპისკოპოსთა შორის. ძეგლი დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა. უკანასკნელად დარბაზობის წესი ახალ ვითარებასთან შეხამებით დაამტკიცეს ერეკლე II-მ და ანტონ I-მა (იხ. აგრეთვე სტ. „წესი და განგებაჲ მეფეთ[ა] კურთხევისა[ჲ]“).
პუბლ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1–2, თბ., 1982–84 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6–7).
ი. ფუტკარაძე