განგებლოვი ალექსანდრე სიმონის ძე

განგებლოვი (განგებლიძე) ალექსანდრე სიმონის ძე (17. VI. 1801–1891, სოფ. ბოგოდაროვკა, ვერხნედნეპროვსკის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბ., ახლანდ. დნეპროპეტროვსკის ოლქი). დეკაბრისტი, წარმოშობით ქართველი, გენ. ს. განგებლოვის შვილი. სწავლობდა ოდესაში რიშელიეს ლიცეუმში. 1813 ჩარიცხეს პაჟთა კორპუსში. 1821 დაიწყო სამხ. სამსახური ლაიბგვარდიის იზმაილის პოლკში პრაპორშჩიკის ჩინით. 1825 გახდა „სამხრეთის საზოგადოების“ პეტერბურგის უჯრედის წევრი, მონაწილეობდა „ჩრდილოეთის საზოგადოების“ მუშაობაში. დეკაბრისტების აჯანყების ჩაქრობის შემდეგ დააპატიმრეს (1825 წ. 23 დეკ.) და ჯერ კრონშტადტის, შემდეგ კი პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. მეფის განკარგულებით სასამართლოსთვის არ გადაუციათ. პატიმრობიდან განთავისუფლების (1826 წ. 13 ოქტ.) შემდეგ მსახურობდა კავკასიაში განლაგებულ სამხ. ნაწილებში – ვლადიკავკაზის საგარნიზონო და ყაბარდოს ქვეით პოლკებში, მე-8 პიონერულ ბატალიონში. მონაწილეობდა– რუს.-ირან. (1826–28) და რუს.-ოსმ. (1828–29) ომებში. თავი გამოიჩინა ერევნის იერიშის დროს (1827) და ქალაქის აღების შემდეგ დაინიშნა პლაც-მაიორად. მოხალისედ იბრძოდა ახალციხესთან (1828). 1832 სამსახურიდან გადადგა და საკუთარ მამულში დასახლდა. 1850-მდე შეზღუდული იყო წოდებრივ უფლებებში. 1860 დასაწყისში მუშაობდა მომრიგებელ-შუამავლად. გ-ს საინტერესო მოგონებები აქვს კავკასიაში გადმოსახლებულ დეკაბრისტებსა და ა. პუშკინზე.

თხზ.: Воспоминаия декабриста Александра Семеновича Гангеблова, М., 1888.

ლიტ.: ბარამია ლ., დეკაბრისტი ა. განგებლოვი (განგებლიძე), თბ., 1951; მისივე, დეკაბრისტები საქართველოში თბ., 1955; Восстание декабристов. Документы, под ред. Акад. М. В. Нечкиной, т. 16, 18, М., 1984–86; Декабристы. Биографический справочник, под ред. С. В. Мироненко, М., 1988.

ო. ჟორდანია