„განდაგან“, ქართული (აჭარული) ხალხური ცეკვა და მისი თანხმლები სიმღერა. განეკუთვნება სატრფიალო ხასიათის წყვილადი ცეკვების ჯგუფს. მისი ძირითადი ელემენტებია ორი „ჩაკვრით“ გვერდული გადაადგილება, „ჩაკვრის“ ტიპის სპეციფ. სახასიათო მოძრაობა და სხვ. შედგება სამი ნაწილისაგან: პირველს, ნელ ნაწილს, ასრულებენ ზეიმზე, ქორწილში, შრომის პროცესში ქალ-ვაჟთა წყვილები ან მხოლოდ ქალები (რთვლის ნადზე) სიმღერების („ნანი“ და „ნანო“, „ხერტლის ნადი“ და სხვ.) თანხლებით; მეორე, ჩქარი ნაწილი, ტემპერამენტიანი ვაჟკაცური ხასიათის ცეკვაა, შეიცავს, „მხარულის“ ელემენტებს. მისთვის ნიშანდობლივია სახასიათო თამაში. საშემსრულებლო ხერხებით (ტანის მიხრა-მოხრა, ზომიერი საოხუნჯო ელფერი) განსხვავდება ცეკვის წინა ნაწილისაგან და გამოირჩევა მრავალფეროვნებით, იმპროვიზაციით. მესამე ნაწილი პირველის შემოკლებული გამეორებაა. სიმღერის გარდა ცეკვას ზოგჯერ ხალხ. საკრავების (მაგ., ჭიბონი) თანხლებითაც ასრულებენ. „გ.“ შეიცავს უძველესი წარმართული დროის ცეკვების (საკულტო, რიტუალური, ნაყოფიერების კულტის) ელემენტებს. მუს. ზომა 6/8.
ა. თათარაძე