განდეგილი

განდეგილი (ნამდვ. სახელი და გვარი დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი) [28. X (9. XI). 1864, სოფ. სალომინაო (ან ამაღლება), ახლანდ. ვანის მუნიციპ-ი, – 29. I. 1929, თბილისი], პოეტი და პროზაიკოსი. XIX ს. 90-იანი წწ. ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართვ. მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების გამო“ ი. ჭავჭავაძემ გაზ. „ივერიაში“ დაუბეჭდა 1893 და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად როგორც ქართ. ენის კარგი მცოდნე (იგი პირველი კორექტორი ქალი იყო); ამავე გაზეთში 1894 გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მუნჯი“, რ-საც მოჰყვა სხვა მოთხრობები („გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“ და სხვ.). პატრ. მოთხრობის „მარინეს“ გამოქვეყნებისთანავე (1897) აღიარეს, რომ ქართ. მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა. გ-მა დიდი ამაგი დასდო ქართვ. ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი „პატარა ერის დიდებულნი ასულნი“, „სახალხო ფურცელი“, 1926, № 478); მან ერთ-ერთმა პირველმა დააარსა „ქართველ ქალთა საზოგადოება“, რ-ის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე „ძმური ნუგეში“ (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის თვალსაჩინო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. გ-ის ლექსებისა და მოთხრობების კრებ. გამოქვეყნდა 1910, ლექსების კრებ. – 1918. ავტორი მათში უმთავრესად წარმოგვიდგება როგორც ლირიკოსი. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი (პოემა „შეჩვენებული“). აგრეთვე სამოქალაქო ლირ. შესანიშნავი ნიმუშებია მისი „პოეტი“, „დილა“, „არა, არ ვსტირი“, „მე მიყვარს ჩემი სამშობლო“, „საცოდავო დედაჩემო“, „ნ. ორბელიანს“ და სხვ. აღსანიშნავია გ-ის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც. თარგმნა ჰ. ჰაინეს, კ. რილეევის, მ. გორკის, ი. ტურგენევის, ა. კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვ. ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, რ-ის ნაწყვეტები იბეჭდებოდა 1898–99 „კვალში“, ცალკე წიგნად გამოვიდა 1902, წიგნის რედაქტორი იყო ი. ჭავჭავაძე. გ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტ-რაშიც; დაწერა მრავალი ორიგინ., და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა.

ლიტ.: ჩიხლაძე ნ., დომინიკა ერისთავი (განდეგილი), თბ., 1960; მისივე, ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბ., 1976.

ნ. ჩიხლაძე