განის რეფორმები

განის რეფორმები, პირობითი სახელწოდება იმ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და ეკონომიკური ღონისძიებებისა, რ-ებიც რუსეთის მთავრობამ გაატარა ამიერკავკასიაში XIX ს. 40-იანი წწ. დასაწყისში. 1840 წ. 10 აპრ. რუს. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სენატორ პ. განის ხელმძღვანელობით შემუშავებული კანონები: „უზენაესად დამტკიცებული დაწესებულება ამიერკავკასიის მხარის მმართველობისათვის“, „დებულება საქალაქო საზოგადოებრივი მმართველობის შესახებ თბილისში“, „დებულება საერობო საბეგრო კომიტეტების შესახებ ამიერკავკასიაში“, რ-ებიც ძალაში შევიდა 1841 წ. 1 იანვრიდან.

გ. რ. მიზნად ისახავდა თვითმპყრობელობის პოლიტ. და ეკონ. პოზიციების განმტკიცებას, ადმინ. და სასამართლო დაწესებულებებისაგან მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა ჩამოშორებას, ადგილ. იურიდიული საკანონმდებლო აქტების გაუქმებას, რუსიფიკატორული პოლიტიკის გაძლიერებას. ამიერკავკ. ახ. ადმინ.-პოლიტ. დაყოფა უგულებელყოფდა ამიერკავკ. ხალხების ისტ.-ეკონ. და კულტ.-ეთნიკურ თავისებურებებს. გ. რ-ის შესაბამისად ამიერკავკასია დაიყო 2 ადმინ.-პოლიტ. ერთეულად: საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად. საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო მმართველობა მოეწყო რუსეთის იმპერიის შიდა გუბერნიების მსგავსად. მხარის მართვის სადავეები მთავარმართებლის ხელში იყო მოქცეული. 1842 წ. 10 აპრ. დებულებების ცხოვრებაში გატარებამ გამოიწვია ადგილ. მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება, რ-საც მძიმე ტვირთად დააწვა გაზრდილი სამოხელეო აპარატის შესანახი ხარჯები (საერთო თანხამ იმატა 1567000 მან.). საქართველოს მთელ რიგ რ-ნებში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს (გურიის აჯანყება 1841 და სხვ.). გ. რ-მა აგრეთვე შეავიწროვა ცარიზმის სოციალური ბაზა ამიერკავკასიაში, რადგან ახ. საკანონმდებლო აქტების ძალით შეიზღუდა გაბატონებული წოდების პოლიტ. და ეკონ. უფლებები. ამიერკავკასიაში შექმნილი რთული ვითარების გამოსარკვევად იმპ. ნიკოლოზ I-მა მიავლინა (1842) სამხ. მინისტრი ა. ჩერნიშოვი და სახელმწ. მდივანი მ. პოზენი, რ-ებმაც უარყოფითი შეფასება მისცეს პ. განის საკანონმდებლო საქმიანობას. მთავრობა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია პოლიტ. ვითარებისათვის და წასულიყო მთელ რიგ დათმობაზე. XIX ს. 40-იანი წწ. შუახანისათვის თვითმპყრობელობა ცვლის თავის პოლიტიკას ამიერკავკასიის პრივილეგირებული წოდებების მიმართ. ამიერიდან იგი ცდილობს განამტკიცოს მათთან მჭიდრო კავშირი. ცარიზმის ეს მისწრაფება მკაფიოდ გამოვლინდა მეფისნაცვლის ვორონცოვი მიხეილ|მ. ვორონცოვის მოღვაწეობის ხანაში.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970, გვ. 127–132; ჩხეტია შ., რუსული მმართველობის სისტემა საქართველოში (1840–1864), «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 12; Иваненко В. Н., Гражданское управление Закавказьем от присоединения Грузии до наместничества вел. кн. Михаила Николаевича. Исторический очерк, Тфл., 1901; Из записок барона (впоследствии графа) М. А. Корфа, «Русская старина», 1900, т. 101; Эсадзе С., Историческая записка об управлении Кавказом, т. 1–2, Тфл., 1907.

ო. ჟორდანია