„განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“

„განჩინება ბარისა და მთიურთა ადგილთა“, ადგილობრივი დანიშნულების ქართული ფეოდალური სჯულისდება – არაგვის საუფლისწულოს (ყოფ. არაგვის საერისთავოს) მოსახლეობისათვის შედგენილი კანონები. მასში გაერთიანებულია საუფლისწულოს მთისა და ბარისათვის გათვალისწინებული ორი პატარა თავისთავადი კანონდებულება – „განჩინება“. თავდაპირველად არსებობდა „მთებში დადებული განჩინება“, რ-იც არაგვის საუფლისწულოს განმგებლად ყოფნისას (1776–81) შეადგინა ერეკლე II-ის ძემ ბატონიშვილი ლევან|ლევან ბატონიშვილმა. 1782 იგი განაახლა და შეავსო ლევანის ძმამ, საუფლისწულოს შემდგომმა განმგებელმა ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილმა, რ-მაც ამასთანავე შეადგინა და მთის კანონებს დაუმატა „განჩინება ბარისა“.

ძეგლი აწესრიგებს სისხლის, სამოქალაქო და საოჯახო სამართლის, სასამართლო წყობილებისა და სამართალწარმოების ცალკეულ საკითხებს: კრძალავს სისხლის აღებას, დევნის ჯვარდაუწერლად ცოლქმრობას და ნიშნობის თავისებურ ჩვეულებას – ქვრივის დაძახებას, განსაზღვრავს მამულის ყიდვა-გაყიდვის წესებს და სხვ. გათვალისწინებულია აგრეთვე გარეშე მტრებისაგან ქვეყნის დაცვის, ქურდობა-ყაჩაღობისა და ტყვის მოტაცებასთან ბრძოლის ღონისძიებანი.

„მთიურთა ადგილთა განჩინება“ ასახავს ბრძოლას წინაკლასობრივი საზ-ბის იმ გადმონაშთებთან, რ-ებიც ეწინააღმდეგებოდა ფეოდალთა ინტერესებს. ამასთან ერთად აკანონებს თემურ-გვაროვნ. წეს-წყობილებიდან მომდინარე ზოგიერთ სახეშეცვლილ, ფეოდალიზმთან შეხამებულ ჩვეულებას (დამნაშავის გაძევება, სასისხლო დავის მხარეთა მორიგება საუფლისწულოს განმგებელი ბატონიშვილის დასტურით ამორჩეული ბჭეების მეშვეობით და სხვ.). კანონთა შედგენისას ხშირად გამოყენებულია თემის წევრთა ურთიერთსოლიდარობის პრინციპიც.

ძეგლი ასახავს გვიანდ. ფეოდ. ხანის აღმ. საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობრივ საზ. ურთიერთობებს.

ლიტ.: ფუტკარაძე ი., ქართველ მთიელთა სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1964.

ი. ფუტკარაძე