განძანი

განძანი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრ-ით, მდ. ფარავნის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირას. განძნის თემის ცენტრი (სოფლები: გ., საღამო). ზ. დ. 2050 მ, ნინოწმინდიდან 25 კმ. 2,6 ათ. მცხ. (2014).

გ. მდებარეობს ისტ. ზემო ჯავახეთში. მასზე გამავალი ჯავახეთ-თრიალეთისა და ზემო ჯავახეთის ცენტრებიდან (აბული, ყაურმა და სხვ.) დამაკავშირებელი გზები ძველთაგანვე განაპირობებდა მის მნიშვნელობას. სოფელი პირველად იხსენიება XI ს. წყაროში „მატიანე ქართლისაჲ“, რ-ის მიხედვით 1028 კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა გ-ის ციხესთან უკუაგდო საქართველოში შემოჭრილი ბიზანტიელთა ლაშქარი. ეჭვი არ არის, მტრის შემოსევებისას მოსახლეობა ციხე-გალავანს აფარებდა თავს. XII–XIII სს-ში ზემო ჯავახეთი თორელთა სამფლობელო იყო. გ-ს შალვა თორელის ვასალები ქებასძე და ნიკოლასძე განაგებდნენ.

გ-ის სიძველეზე მეტყველებს სოფლის მიდამოებში ანაკრეფი წინაფეოდ. ხანის კერამ. მასალა. ადრინდ. შუა საუკუნეებიდან გ. მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, მაგრამ XVI ს. მიწურულს ოსმალთა შემოსევების შედეგად ნასოფლარად ქცეულა. XIX ს. 30-იანი წლებიდან რუს. ხელისუფალთა ინიციატივით გ-ში პერიოდულად ასახლებდნენ თურქეთიდან შემოხიზნულ სომხებს. 1847 საბუთის მიხედვით გ. ახლად გაშენებული სოფელი იყო, ცხოვრობდა 28 კომლი; XIX ს. ბოლოს – 122 კომლი (აქედან 119 კომლი–სომხური). XX ს. 30-იანი წლებისათვის სომხ. მოსახლეობა 800 კომლამდე გაზრდილა.

გ-ის სიძველეთაგან აღსანიშნავია ქვასვეტი „ვეშაპი“, ციხე-გალავანი და ორი ეკლესია. ქვასვეტი შემკულია ფრინველთა გამოსახულებით, მისი სემანტიკა უკავშირდება თევზღვთაების კულტს, რ-იც მოგვიანებით ფალოსის კულტმა შეცვალა. გ-ის ციხე შემოზღუდულია ნატეხი ქვით მშრალად ნაგები, ნახევრად წრიული ბურჯებითა და ხელოვნური არხით გამაგრებული ადრინდ. ხანის ოვალური გალავნით (დაახლ. 100 X 50 მ). კედლის სისქე 2 მ-ზე მეტს აღწევს. ეკლესიები XII–XIII სს-ისაა, ერთი სოფლის ზედა უბანში დგას, მეორე – ქვედაში, ორივე ერთნავიანია, ნაშენია თლილი ქვით, გადახურულია ორფერდა სახურავით, აქვთ თითო კარი სამხრ-იდან. თითოეულ მათგანზე ამოკვეთილია ორ-ორი ასომთავრული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესიები აუგიათ ადგილ. ფეოდალებს ქებასძესა და ნიკოლასძეს შალვა მანდატურთუხუცეს-მეჭურჭლეთუხუცესის სადიდებლად. ნ. ბერძენიშვილს 30-იანი წლებისათვის გ-ის სასაფლაოზე დამოწმებული აქვს შუა საუკ. ეკლესიის საძირკვლის კვალი და წარწერიანი ქვაჯვარი იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. გ-ის სომხ. გრიგორიანული ეკლესია XIX ს. II ნახევარშია აგებული. სოფელშივეა ვ. ტერიანის სახლ-მუზეუმი.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ზემო ქართლი), თბ., 1985; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964.

გ. ჭეიშვილი