განჯა

განჯა (ქართ. წყაროებით განძა), ქალაქი აზერბ. რესპუბლიკაში მდ. განჯაჩაის (მტკვრის აუზი) ნაპირზე. 1804–1918 ერქვა ელიზავეტპოლი, 1935–89 კიროვაბადი. 344 108 ათ. მცხ. (2021).

დაარსების თარიღად მიჩნეულია V ს., თუმცა მემატიანეები და მკვლევარები სხვადასხვა დროს აღნიშნავენ – ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან (ძვ. წ. IV ს.) არაბთა ბატონობის ხანამდე, კერძოდ – IX ს. შუა წლებს.

გ. ისტორიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტ., ეკონ., სავაჭრო-სატრანზიტო, კულტ.-რელიგ. ცენტრი იყო.

არაბთა ბატონობის შემდგომ (X ს. შუა წლებში) გ. სალარიდთა ხელში იყო. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გ-ისა და საერთოდ აღმ. ამიერკავკ. ისტორიაში აქ დამკვიდრებული შედადიანების სახელმწიფომ (970 – XI ს. ბოლო მეოთხედი). მანამდეც და განსაკუთრებით თურქ-სელჩუკთა მხარდაჭერით იგი შეუპოვრად ებრძოდა აღმ. საქართველოს. ეს ბრძოლა ცვალებადი წარმატებით გრძელდებოდა ბაგრატ III-ისა და ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში. როცა ბაგრატ IV თბილისისათვის იბრძოდა, განძის ამირა თბილისის ამირა ჯაფარს ეხმარებოდა, თუმცა ზოგიერთ წლებში განძის ამირები ქართველ მეფეთა მოხარკეები იყვნენ და დახმარებასაც ითხოვდნენ მათგან. 1049–1050 წლებში, როცა თურქებმა თვით გ-ს შემოუტიეს, ბაგრატ IV თავისი ლაშქრით „მივიდეს განძას კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანა, და შემოიქცეს მშჳდობით“.

1139 ძლიერმა მიწისძვრამ გ. მნიშვნელოვნად დაანგრია. იმავე წელს მეფე დემეტრე I-მა დალაშქრა, გამარჯვების ნიშნად მის გალავანს რკინის კარები ჩამოხსნა, საქართველოში წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, სადაც დღემდე ინახება.

მეფე თამარის ეპოქაში (XII–XIII სს.) გ-თვის ელდიგუზიდები იბრძოდნენ, ხშირად წარმატებითაც და იგი მათ მფლობელობაში იყო. მონღოლთა პირველ შემოსევას გ-მ დიდი ძღვენით დააღწია თავი. 1225 გ. ჯალალედინმა აიღო, 1231 კი ქალაქის აჯანყებულმა მოსახლეობამ გაანადგურა მისი ლაშქარი.

XIV ს. 50-იანი წლებიდან გ. აზერბაიჯანთან ერთად ჯალაირიდების ხელთ იყო. XV ს. I ნახევრიდან გ. ყარა-ყოიუნლუს, ხოლო II ნახევრიდან აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდა. XVI ს-იდან სეფიანთა ირანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა და ყარაბაღის საბეგლარბეგოს ცენტრი გახდა. მისი მმართველები ხანის წოდებას ატარებდნენ. ერთ ხანს გ-ის ბეგლარბეგად დაუდ-ხან უნდილაძე იხსენიება.

XVIII ს. დასაწყისიდან გ. განჯის სახანოს ცენტრი იყო. გ-ში მოღვაწეობდნენ ნიზამი განჯევი [1141 – 1203 (9)]. მაჰსეთი განჯევი (XII ს.), მხითარ გოში (გ. 1213), კირაკოს განძაკეცი (გ. 1271). ქალაქში შემორჩენილია შუა საუკ. რამდენიმე არქიტ. ძეგლი.

ლიტ.: თოფურია პ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI–XII საუკუნეებში, თბ., 1975; მისივე, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქალაქები. X–XIII საუკუნის პირველი მეოთხედი, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3–4, თბ., 1979–73; Бартольд В. В., Гянджа, Соч. В 9 томах, т. 3, М., 1965.

პ. თოფურია