განჯა-ყარაბაღული კულტურა

განჯა-ყარაბაღული კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა აზერბაიჯანის დას. რ-ნებში (ცნობილია ხოჯალი-ქედაბეკური კულტურის სახელწოდებითაც). ძეგლების შესწავლა დაიწყო XIX ს. 90-იანი წლებიდან. გ.-ყ. კ-ის ძეგლები 3 ჯგუფად იყოფა: ყარაბაღის (მთიანეთი და მთისპირა ადგილები), ქედაბეკის (მცირე კავკასიონის ჩრდ. ნაწილი და მთისპირა ზოლი) და განჯა-ხანლარისა (მტკვრის მარჯვ. ნაპირის დაბლობი). ეს ძეგლებია მცირე და დიდი მიწაყრილიანი და ქვაყრილიანი გორასამარხები, ქვაყუთები და ორმოსამარხები, გამაგრებული და ღია ნამოსახლარები (მთისპირას და დაბლობში), ლითონსამსხმელო (ყოფ. ლენინქენდთან) და კაჟის ნაკეთობათა (ქილიქდაღზე) სახელოსნოები. ყარაბაღ-ქედაბეკის ჯგუფებს განეკუთვნება ციკლოპური სიმაგრეები. გ.-ყ. კ-ის ჯგუფებს აქვს თავისებურებებიც. უფრო გავრცელებულია მიცვალებულის დაკრძალვა მოკრუნჩხულ, იშვიათად – გაშოტილ ან მჯდომარე პოზაში. გვხვდება კრემაცია, დანაწევრებული სახით დაკრძალვა და სხვ.

გ.-ყ.კ-ში გამოიყოფა 3 ეტაპი: ადრინდელი – ძვ.წ. XIII–XI სს. (დამახასიათებელია მოკაუჭებულწვეტიანი დანები, შედგენილტარიანი სატევრები, ლურსმნისებრი საკინძები და სხვ. განჯა-ხალარის ჯგუფში – ფართოპირიანი დანები, მასრიანი შუბისპირები, სასაფეთქლე რგოლები, სფერულტანიანი ჭურჭელი, ხელადები, ინკრუსტირებული გეომ. სახეებით შემკული ჯამები და სხვ.); განვითარებული – ძვ. წ. XI – IX სს. (დამახასიათებელია ბრინჯაოს ბრტყელი და ჩუგლუგის ტიპის ცულები, „წინააზიური“ ტიპის სატევრები, მახვილები, მასრიანი ფოთლისებრი შუბისპირები, ორთითები, ღეროიანი ისრისპირები, ოთხნაწილედი ლაგმები, გრავირებული სარტყლები; ორნამენტირებული და მოხატული შავი და მონაცრისფერო თიხის ჭურჭელი) და გვიანდელი – ძვ. წ. IX–VII სს. (დამახასიათებელია რკინის მასრიანი და ყუნწიანი ვიწრო შუბისპირები, სატევრები, დანები, ბრინჯაოს ორნაწილედი ლაგმები; მონაცრისფრო თიხის ჭურჭელი, იშვიათად – ინკრუსტირებული; შემორჩენილია ადრინდ. ტიპის ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ლაგმები, სამკაულები).

გ.-ყ. კ-ის შემქმნელი ტომები დაკავშირებულნი იყვნენ ადგილ. სამთამადნო სიმდიდრეებთან (ქედაბეკისა და ყარაბაღის სპილენძის საბადოები) და მთის საძოვრებთან. მათ კავშირი ჰქონდათ მეზობელ საწარმოო რ-ნებთანაც. ყარაბაღის ძეგლები, განსაკუთრებით ხოჯალისა და არჩაძორის მდიდრული სამაროვნები, მჭიდრო კონტაქტს ამჟღავნებენ ძვ. აღმოსავლეთთან. მესაქონლეობის აღმავლობის პირობებში ამ ტომებში დამკვიდრდა პატრიარქატი. სიმდიდრით გამოირჩევა საგვარეულო და სატომო არისტოკრ. წარმომადგენელთა სამარხები – დიდი გორასამარხები, რ-ებშიც აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი ოქროს ნაწარმი, შეწირული მონების, მსახურებისა და შეიარაღებული რაზმელების ჩონჩხები (ახმახი, ადიამანი). ამ პერიოდის სამაროვნები მოწმობს ცალკეული ტომების ქონებრივ გამორჩეულობას. სოც.-ეკონ. ძვრებით გამოწვეული საომარი სიტუაციით აიხსნება ციკლოპური ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ნამოსახლარების გაჩენა ცენტრ. ამიერკავკასიაში.

ლიტ.: ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973; Гуммель Я. И., Археологические очерки, Баку, 1940; Ивановский А. А., По Закавказью, «Материалы по археологии Кавказа», 1911, в. 6; Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. Академии истории материальной культуры», 1935, в. 120; Минкевич-Мустафаева Н. В., О датировке и хронологических этапах некоторых памятников Азербайджана..., კრ.: Материальная культура Азербайджана, т. 4, Баку, 1962; Пиотровский Б. Б., Археология Закавказья, Л., 1949.

ე. გოგაძე