განჯის სახანო

განჯის სახანო, აზერბაიჯანული ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფო (XVIII ს. – XIX ს. დასაწყ.). წარმოიქმნა ირანელი და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ აზერბ. ხალხის ბრძოლის პერიოდში. გ. ს-ს პირველი გამგებელი შაჰვერდი-ხანი ზიადოღლუს დინასტიიდან იყო. ადრე ამ დინასტიის წარმომადგენლებს განჯის ბეგლარბეგის თანამდებობა ეკავათ. გ. ს. მდებარეობდა მდ. მტკვრის ყელზე, მისი ცენტრი იყო ციხე-ქალაქი განჯა, რ-ზედაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა თბილისი–განჯა–თავრიზი. გ. ს. გამუდმებით ირან-ოსმ. ექსპანსიის ობიექტი იყო. სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეობდა ბრძოლა, ერთი მხრივ, ირან-ოსმ. ორიენტაციის და, მეორე მხრივ, რუსეთთან შეერთების მომხრეთა შორის. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II ცდილობდა გ. ს. თავისი პოლიტ. გავლენისათვის დაემორჩილებინა, რასაც მიაღწია კიდეც XVIII ს. შუა ხანებში. 1795 ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის საქართველოზე თავდასხმის დროს გ. ს-ს მმართველი ჯავად-ხანი მომხდურთ მიემხრო. 1796 აპრ-ში ქართლ-კახეთის ლაშქარი ერეკლე II-ის სარდლობით გარს შემოერტყა განჯას. ხანი იძულებული გახდა ხარკი ეკისრა და ქართველი ტყვეები გაეთავისუფლებინა. 1796 განჯა აიღო რუს. ჯარმა გენ. ვ. ზუბოვის სარდლობით. ჯავად-ხანმა აღიარა ქვეშევრდომობა, მაგრამ რუს. ჯარის წასვლის შემდეგ (1797) უარყო იგი. 1804 წ. 3 იანვ. რუს. ჯარმა გენ. პ. ციციანოვის სარდლობით იერიშით აიღო განჯა. ჯავად-ხანი ბრძოლაში დაიღუპა. გ. ს. გაუქმდა და მისი ტერიტ. შეუერთდა რუს. იმპერიას.

წყარო: ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

ლიტ.: Абдуллаев Г. Б., Из истории Северо-Восточного Азербайджана в 60–80-х гг. XVIII в., Баку, 1958; История Азербайджана, т. 1–2, Баку, 1958–60.

ზ. ანჩაბაძე