გარაყანიძე ვლადიმერ გიორგის ძე

გარაყანიძე ვლადიმერ გიორგის ძე [29. II (13. III). 1900, თბილისი, – 7. III. 1971, ქ. ჟუკოვსკი, მოსკ. ოლქი], აერონავტი, აეროსტატების გამომცდელი, დირიჟაბლების ერთ-ერთი პირველი ქართვ. კონსტრუქტორი. 1922 საქართველოდან სასწავლებლად მიავლინეს მოსკ. კონსერვატორიაში. პარალელურად სწავლობდა მოსკ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტზე. გატაცებული იყო პლანერიზმით. 1924-იდან ნ. ჟუკოვსკის სახ. სამხ.-საჰაერო საინჟინრო აკად. აერონავტიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ამავე წელს საზ. საწყისებზე ჩამოაყალიბა ჰაერნაოსანთა წრე, რ-საც შემდეგ „გარაყანიძის ჰაერსანაოსნო სკოლა“ უწოდეს, მონაწილეობდა სსრკ საპლანერო სადგურის მშენებლობაში, სადაც 1925-იდან იყო საპლანერო სპორტის ინსტრუქტორი. 1926 გ-ის უშუალო ხელმძღვანელობით პლანერიზმს დაეუფლა ს. კოროლიოვი (შემდგომ სარაკეტო ტექნიკის ცნობილი გენ. კონსტრუქტორი). 1927-იდან მუშაობდა გ. ჟუკოვსკის სახ. აეროჰიდროდინამ. ინ-ტში, სადაც დირიჟაბლთმშენებლობას ა. ტუპოლევი განაგებდა. ტუპოლევი მაღალ შეფასებას აძლევდა გ-ის დირიჟაბლების პროექტებს. 1932 წ. 9 აპრ. განხორციელდა გ-ის დირიჟაბლის „სსრკ-ვ-1“ პირველი აფრენა. გ-მ მსოფლიოში პირველმა წყალზე დასვა დირიჟაბლი, მგზავრები ნავებში გადმოსხა, ტვირთი მიიღო და გაფრინდა. მომდევნო წლებში აიგო გ-ის კონსტრუქციის დირიჟაბლების (ვ-1-ბის, ვ-12, ვ-12-ბის) სერია. 1933 პირველი სტრატოსტატის „სსრკ 1-ის“ სარეკორდო გაშვებისას გ. სტარტს ხელმძღვანელობდა (სტრატოსტატი აფრინდა 19 ათ. მ სიმაღლეზე და მსოფლიო რეკორდი დაამყარა). გ-ის ბოლო მოდელის დირიჟაბლი ვ-12 შეუცვლელი აღმოჩნდა, იყენებდნენ II მსოფლიო ომის პერიოდში. გ-მ დიდი წვლილი შეიტანა კოსმ. კვლევის საქმეში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

რ. კაჭარავა