გარბანი

გარბანი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. თერგის მარჯვ. მხარეს, მდ. ტერხენის (თერგის მარჯვ. შენაკადი) შესართავის ახლოს, საქართვ. სამხ. გზაზე. ზ. დ. 1830 მ, სტეფანწმინდიდან 8 კმ. 329 მცხ. (2014).

სოფლის ზემოთ, ტერასებზე, ნამოსახლარის (ძველი გარბანა) ტერიტორიაზე შემორჩენილია ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – გ-ის „ოქროს წმინდა გიორგის“ ეკლესია. მხატვრულ-სტილისტიკური ანალიზისა და ეპიგრაფიკული მასალის მიხედვით, ნაგებობა IX ს. მიწურულსა და X ს. დასაწყისს განეკუთვნება. გ. თავისებური ტიპის ერთნავიანი ნაგებობაა, წარმოშობით ქართ. ორიგინ. სამეკლესიიანი ბაზილიკა|სამეკლესიიანი ბაზილიკის შეცვლილ სახეს უკავშირდება. ნაგებობას ჩრდ-იდან მცირე ზომის სამკვეთლო, ხოლო სამხრ-იდან ფასადის მთელ სიგრძეზე გაყოლებული სტოა ეკვრის. შემოსილია სხვადასხვა ელფერის ლეგა, ყვითელი და მოყავისფრო ტუფის კარგად გათლილი ფილებით. გეგმთ სწორკუთხა სივრცე ვრცელი ნახევარწრიული საკურთხევლითაა დასრულებული. ძეგლის ხუროთმოძღვრული ფორმები ნათელი და ლაკონურია. დეკორ. ელემენტები ფასადსა და ინტერიერში ძუნწადაა გამოყენებული.

ძეგლი რესტავრირებულია 1970-იან წლებში (არქიტ.: თ. აბრამიშვილი, რ. გვერდწითელი, ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე).

ლიტ.: დოლიძე ვ., გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX–X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958; შმერლინგი რ., დოლიძე ვ., თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991.

ვ. დოლიძე