გარბანის არქეოლოგიური ძეგლები

გარბანის არქეოლოგიური ძეგლები, ფეოდალური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი სოფ. გარბანის (ყაზბეგის მუნიციპ) ტერიტორიაზე, მდ. ტერხენის ტერასაზე. სოფელი ნაწილობრივ მიწით დაფარულ ძვ. ნამოსახლარზეა გაშენებული. მდ. ტერხენის პლატო დიდ მანძილზე პატარა, თითქმის ერთი სიმაღლის ბორცვებითაა მოფენილი, რ-ებიც გარკვეული გეგმითაა განლაგებული. არქეოლ. შესწავლის დროს (ხელმძღვ. ი. გძელიშვილი) გამოვლინდა თლილი ქვებით და ფიქლებით ნაშენი ადრინდელი შუა საუკუნეების საცხოვრ. ნაგებობების ნაშთები და მცირე რაოდენობით კერამ. მასალა.

სოფ. გარბანის ტერიტორიაზე 1962 ჩატარდა არქეოლ. დაზვერვები (ხელმძღვ. გ. გობეჯიშვილი). გათხარეს რამდენიმე გაძარცული სამარხი, რ-ებიც აღმოჩენილია ნამოსახლარ ბორცვებს შორის. ეკლესიის გალავანში გამოვლენილია დიდი ზომის ქვებით ნაგები განვითარებული შუა საუკუნეების მიწისქვეშა უინვენტარო აკლდამები.

ლიტ.: წითლანაძე ლ., ხევში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1977, № 1.

ლ. წითლანაძე