გარდაბნის ვაკე

გარდაბნის ვაკე, ყარაიის ველი, ქვემო ქართლის ვაკის აღმ. ნაწილი, მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, ივრის ზეგანს (ჩრდ-ით და აღმ-ით), მდ. მტკვარსა (დას-ით) და საქართვ.–აზერბ. საზღვარს (სამხრ. და სამხრ.-აღმ-ით) შორის. გ. ვ. აკუმულაციური ტერასული ვაკეა. სიმაღლე 260 – 450 მ. აგებულია ძველი და ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით (რიყნარი, ქვიშნარი, თიხნარი). ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 12,9 °C, იანვ. საშ. ტემპ-რა 0,3°C, ივლ. 25,3 °C. აბსოლ. მინ. – 25 °C, აბსოლ. მაქს. 41ºC. ნალექები 420 მმ წელიწადში. მაქს. მაისშია (68 მმ), მინ. – იანვარში (16 მმ). გ. ვ. მდ-ებით ღარიბია. დას-ით ჩამოუდის მტკვარი, ტერიტ. დიდი ნაწილი ირწყვება გარდაბნის არხით. სამხრ.-აღმ-ით მდებარეობს ჯანდარის ტბა. გ. ვ-ზე ჭარბობს სხვადასხვა სახის წაბლა ნიადაგი. ტაფობებსა და ურწყავ უბნებში გავრცელებულია დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგები, მტკვრის გაყოლებით – ალუვიური ნიადაგი.

მცენარეულ საფარში გაბატონებულია მშრალი სტეპისა და ნახევარუდაბნოს ასოციაციები, დამახასიათებელია უროიანი და ავშნიან-უროიანი სტეპები. ფართოდაა გავრცელებული ავშანი და მლაშობის მცენარეები, მტკვრის სანაპიროზე ფრაგმენტებადაა შემორჩენილი ტუგაის ტყეები. გ. ვ-ის ფარგლებში ჩამოყალიბებულია ჭალის ტყის, ტერასული ვაკის, სტეპისა და ნახევარუდაბნო-მშრალი სტეპის ლანდშაფტები. ვაკის დიდი ნაწილი გადახნულია, იყენებენ მარცვლეული და ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურებისათვის. ურწყავ ადგილებზე საძოვრებია.

ქ. ჯაყელი