გარდატენი

გარდატენი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ატენის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ-ების ვერისა და ტანის შესართავთან. ზ. დ. 640 მ, გორიდან 5 კმ. 643 მცხ. (2014).

სახელწ. გარდატენი აღნიშნავს გადაღმა ატენს (თავდაპირველად ქ. ატენის ერთ-ერთი უბანი იყო). იგი ცალკე სოფლად ვახუშტი ბატონიშვილთანაც (XVIII ს.) არ იხსენიება. გ. ფეოდალიზმის გვიანდ. საუკუნეებში საციციანოს სათავადოში ითვლებოდა. სოფლის სასაფლაოზე დგას დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია სამხრ. მინაშენით. მისი ძველი ფენა X ს-ითაა დათარიღებული, მაგრამ კედლების წყობაში ჩანს გადაკეთების კვალიც. შენობა შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა. ეკლესიის აღმ. სარკმლის ზედანზე რელიეფური გამოსახულებაა – ორ ფრინველს შორის მოთავსებული ჯვარი. მის ზევით, ქვიშაქვის ლოდზე კი – კიდურწერტილოვანი ასომთავრულით შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერაა: „ქრისტე, უფალო ღმერთო, შეიწყალენ ფრიად ცოდვილნი კატარაწისძენი გიორგი, ირემაჲ, მიქაელ და მათნი შვილნი, ამის ეკლესიისა მაშენებელნი, ამენ“. მიქაელ კატარაწისძე ლაშა-გიორგის მწიგნობარი იყო, მისი ხელითაა დაწრილი 1208 და 1212 წწ. სიგელები. როგორც ჩანს, კატარაწისძენი გარდატნელი ფეოდალები ყოფილან და ეს ეკლესიაც მათ აუშენებიათ (ან განუახლებიათ). ეკლესიის სამხრ-ით, ქვაჯვარის ბაზაზე დევს ბრტყელი გრანიტის ქვა, რ-ზედაც დაბალი რელიეფით შესრულებული, ოთხკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჯვარია გამოსახული. მარჯვ. მკლავის ქვეშ გვიანდ. ასომთავრულით ამოკაწრული წარწერაა: „ქორონიკონსა სლდ“ (1546). ეკლესიაში სპილენძის ზარია მხედრული წარწერით: „ქრისტე, შემოგწირე მე, თავადმა პაატა გიორგის ძემ ციციშვილმა, ჩემის სულის მეოხათ ვერის ღვთისმშობლის ეკლესიასა მარტის იზ ჩყლთ წელსა“ (ე. ი. 1839 წ. 17 მარტს). როგორც ჩანს, ეს ზარი გადმოუტანიათ მეზობელი ვერის ღვთისმშობლის ეკლესიიდან გ-ის ეკლესიაში, მარმარილოს საფლავის ქვის მხედრულ წარწერაში იხსენიება შტაბროტმისტრი და კავალერი ციციანოვი. აქვეა გვიანდ. ეკლესიის უსახური ნაშთიც.

გ-ში დაცულია ძველებური ქართული დარბაზი.

სოფლის მიდამოებში და თვით სოფელშიც ქართ. ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია: სამხრ.-დას-ით, 7 კმ-ზე, მთაზე, ადრინდ. შუა საუკ. დანახვისის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებია, სოფლის აღმ-ით, 1 კმ-ზე, X–XI სს. მწვანე საყდარია (ფერისცვალების საყდარი), სოფლის დას-ით, მდ. ტანის ხეობაში, – განვითარებული შუა საუკ. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (დიდი გარდატენის ღვთისმშობელი), სოფელში გვიანდ. შუა საუკ. წმ. ნინოს და ჯებირის ერთნავიანი ეკლესიები დგას. სოფლის ჩრდ-ით წედისის ციხეა, ხოლო სოფლის ჩრდ.-აღმ-ით – ვერის ციხე.

ლიტ.: საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959, გვ. 43; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984, გვ. 106, 110; შანიძე ა., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1980, გვ. 261.

დ. ბერძენიშვილი