გარდმანი

გარდმანი, კავკასიის ალბანეთის ერთ-ერთი პროვინცია შუა საუკუნეებში. ტერიტორიულად მოიცავდა ძირითადად მდ. შამქორჩაის ხეობას (ახლანდ. აზერბ. რესპ.), ცენტრი იყო გარდმანის ციხე (სომხ. წყაროებით – გარდმანბერდი). ციხის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ხეობის ზემო ნაწილში. ქართ. ისტ. წყაროებში ალბანეთის გ-ის დასახლება, ჩვეულებრივ, ემთხვევა საკუთრივ ქართ. პროვინციის გარდაბანი|გარდაბნის სახელწოდებას. ქართ. და ალბ. პროვინციების სახელწოდებათა საერთო წარმომავლობა უეჭველია და მოწმობს გარკვეულ პერიოდში მათ პოლიტ. და, შესაძლებელია, ეთნიკურ ერთიანობას. პირველად წყაროებში გ. IV ს-ში იხსენიება. VI ს. ბოლოს (ზოგი მოსაზრებით, IV ს-ში) მას სპარს. წარმოშობის მიჰრანიდები დაეუფლნენ, რ-თაც მიიმხრეს გ-ის მთავრობა, თავის ხელქვეით გააერთიანეს მთელი ალბანეთი (კავკასიისა) და ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს სპარსელთაგან. VIII–IX სს-ში, კახეთის სამთავროს შექმნის პირველ პერიოდში, გ. მის შემადგენლობაში შედიოდა. IX ს. II ნახევარში კი კვლავ დამოუკიდებელი სამთავრო გახდა. X ს. დამდეგს გ-ს ანისის სამეფო დაეუფლა. X ს. ბოლოს იგი შედადიანების მიერ შექმნილ განძის საამიროში შედიოდა, XII ს. ბოლოს და XIII ს. დამდეგს საქართველოს ნაწილი იყო, კერძოდ, ვარამ გაგელის საგამგებლოს – გაგის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა. ამ პერიოდშივეა დამოწმებული გ-ის მეორე სახელწოდებაც – „ქართამანიკი“.

დ. მუსხელიშვილი