გარეატმოსფერული ასტრონომია

გარეატმოსფერული ასტრონომია, თანამედროვე ასტრონომიის დარგი, რ-იც სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს აკვირდება და იკვლევს დედამიწის ატმოსფეროს მკვრივი ფენების გარეთ გატანილი ხელსაწყოებით. ამგვარი დაკვირვება-კვლევისას ცის სხეულთა გამოსხივებას არსებითად ნაკლებად შთანთქავს ატმოსფერო, რ-იც მკვრივ ფენებში გაუმჭვირია გრძელტალღოვანი (ინფრაწითელი) და მოკლეტალღოვანი (ულტრაიისფერი, რენტგენული და გამა) სხივებისთვის.

გ. ა-ის განვითარება განპირობებულია კოსმონავტიკის წარმატებით. თუ კოსმ. ერის დაწყებამდე ხელსაწყოთა ასატანად რამდენიმე ათეული კმ სიმაღლეზე იყენებდნენ აეროსტატებსა და ბალონებს, იშვიათად რაკეტებსაც (1–2 ასეული კმ სიმაღლეზე), 60-იანი წლებიდან ამ მიზნისათვის მიმართავენ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებს, საპლანეტათშორისო ავტომატურ სადგურებს, მთვარემავლებს და სხვ.

1980-იანი წწ. დასაწყისში აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვატორიაში შეიქმნა გ. ა-ის გამოკვლევათა განყ-ბა. 1991 განხორციელდა დაგეგმილ სამეტაპოვან ორბიტულ ექსპერიმენტთან (მთავარი კონსტრუქტორი გ. კახიძე) დაკავშირებული პირველი საცდელი სპექტრომეტრის მუშაობა ხომალდ „მირზე“.

ე. ხარაძე