გარეთმოსული გლეხი

გარეთმოსული გლეხი, აყრილი გლეხის ერთ-ერთი სახეობა. საარსებო პირობების გაუარესების გამო გლეხი თავისი მამაპაპეული სამკვიდრებლიდან იყრებოდა და გაქცევით შველოდა თავს. მაგრამ, რადგან ვერ ახერხებდა დამოუკიდებელ, „თავისუფალ“ არსებობას, იძულებული ხდებოდა უცხო გარემოში ეძებნა ახ. პატრონი და თავშესაფარი. როდესაც ამას მოახერხებდა, იგი „გარეთმოსულის“ სტატუსს ღებულობდა.

XIV ს. კანონმდებლობაში ფიქსირებული „გარეთმყოფი“ ანუ „გარეთ წასვლით მყოფი“ გლეხები „გარეთმოსულის“ ანალოგიური მოვლენაა. კანონმდებლობაში მისი შეტანა იმაზე მიგვანიშნებს, რომ XIV ს-თვის ეს მოვლენა გახშირდა, რაც საქართველოში მონღოლთა ბატონობის შედეგია.

ლიტ.: ბერძენიშვილი მ., გლეხთა კატეგორიები XI–XII სს-ში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1; მეგრელაძე დ., საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991.

დ. მეგრელაძე