დობროლიუბოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე

დობროლიუბოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე [24. I (5. II). 1836, ნიჟნი-ნოვგოროდი, – 17(29). XI. 1861, პეტერბურგი], რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი.

დ-ს ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა ქართვ. მოღვაწეებთან. 1859 „სოვრემენნიკში" დაიბეჭდა დ-ის რეცენზია გაბრიელ ქიქოძის (არქიმანდრიტი გაბრიელი) წიგნზე „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები". მას შემდეგ, რაც ი. ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა და თერგდალეულებს სათავეში ჩაუდგა, მან თავისი ჟურნალის – „საქართველოს მოამბის" პირველსავე ნომერში (1863) დაბეჭდა საკუთარი თარგმანი დ-ის სტატიისა „მამა ალექსანდრე გავაცი და მისი ქადაგება", რ-შიც აღწერილია იტალიის ეროვნ.-განმათ. ბრძოლა ჯ. გარიბალდის მეთაურობით.

1866 დაიბეჭდა დ-ის ლექსი „ყოველთვის და ყოველგან", რ-იც ა. წერეთელმა „მატლის" სათაურით გადმოთარგმნა (გაზ. „დროება", №22). ქართ. პრესაში გამოქვეყნდა დ-ის სხვა ლექსებიც, რ-თა თარგმანები ეკუთვნის რ. ერისთავს, ს. მესხს, კ. ლორთქიფანიძეს, ა. ცაგარელსა და ნ. ლომოურს.

თავის წერილებსა და მოგონებებში დ-ს მაღალ შეფასებას აძლევდნენ ნ.ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ლომოური, ს. ჭრელაშვილი, გ. მაიაშვილი, ა. ნანეიშვილი და სხვ. მოწინავე ქართვ. მოღვაწეები.

ლიტ.: ნ ი კ ო ლ ა ძ ე  ა., რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები და ქართული ლიტერატურა, თბ., 1954; შ ა დ უ რ ი  ვ., რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ, თბ., 1983.

ვ. შადური