გარეული ცხვარი

გარეული ცხვარი, მთის ცხვარი (Ovis ammon), მცოხნელი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. ბინადრობს დას. თურქეთსა და ჩრდ.-დას. ირანში. ამიერკავკასიაში გავრცელებული იყო მცირე კავკასიონზე. საქართველოში გ. ც-ის 40–60 სული შემორჩენილია აჭარაში ქედის მუნიციპ-ის ერთ-ერთ ხეობაში, კლდე-ტყიან ადგილებში. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ, სიმაღლე 90 სმ, რქების სიგრძე 67 სმ აღწევს. ბინადრობს მთის ფერდობებსა და პლატოებზე ზ. დ. 800–3000 მ-მდე. სქესობრივად 19 თვისა მწიფდება. ზრდას 3 წლისა ამთავრებს, ცოცხლობს 19 წლამდე. მაკეობა 160 დღ-ღ-მდე გრძელდება. შობს 1–2 ბატკანს. გ. ც. შინაური ცხვრის წინაპარია. აშენებენ სამონადირეო მეურნეობებში. იყენებენ ცხვრის ჯიშების გასაუმჯობესებლად და ახ. ჯიშების გამოსაყვანად. როგორც ძვირფასი გენოფონდი, შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

ა. არაბული