გარიბალდი ჯუზეპე

გარიბალდი (Garibaldi) ჯუზეპე (4. VII. 1807, ნიცა, – 2. VI. 1882, კ. კაპრერა), იტალიის სახალხო გმირი, გენერალი, იტალიის განმათავისუფლებელი და გამაერთიანებელი მოძრაობის, ე. წ. „რისორჯიმენტოს“, გამოჩენილი მოღვაწე. გ-ს თავდადებულმა ბრძოლამ თავისუფლებისათვის უდიდესი ზემოქმედება მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის განმათ. მოძრაობაზე. მისი სახელი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გ. XIX ს. საქართველოშიც. ახალგაზრდა ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, პ. უმიკაშვილს სურდათ იტალიაში წასვლა და გ-ს რაზმში ჩაწერა. ი. ჭავჭავაძე პირველი ქართვ. პოეტი იყო, ვინც აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა გ-ს („მესმის, მესმის სანატრელი...“). ეროვნ.-განმათ. მოძრაობის პროგრამა საქართველოში ითვალისწინებდა იტალიელთა გმირობის მაგალითებით ხალხში პატრ. სულისკვეთების გაძლიერებას.

ქართ. პრესა ფართოდ ეხმაურებოდა იტალ. ეროვნ.-განმათ. და გამაერთიანებელ მოძრაობას. 1862 ჟურნ. „ცისკარმა“ დაბეჭდა საპროგრამო წერილი, რ-იც მკითხველს აცნობებდა, რომ ახ. წლიდან ჟურნალი დაიწყებდა „გარიბალდის ცხოვრების“ ბეჭდვას. აქედან მოყოლებული გაზ. „დროება“ და „ცისკარი“ სისტემატურად აშუქებდნენ იტალ. განმათ. მოძრაობის საკითხებს, გ-ზე შექმნილ ორიგინ. თუ თარგმნილ და გადმოკეთებულ ლიტ-რას (ა. ფურცელაძე, გ. წერეთელი, ი. გომართელი), მოგვიანებით ითარგმნა მისი ნაწარმოებებიც.

1875 გაზ. „დროებაში“ სერგეი მესხი წერდა: „ვის არ გაუგია გარიბალდის სახელი! ახლანდელს დროში მეორე ისეთი კაცი არ მოიძებნება, რომელსაც იმდენ პატივს სცემდნენ, რამდენსაც გარიბალდის და რომელიც ყველას ისე უყვარდეს, როგორც უყვართ გარიბალდი“... გაზ. „ივერია“ გამოეხმაურა გ-ს ძეგლის გახსნას ნიცაში. ცენზურის სიმკაცრის გამო რუსეთში ძნელად აღწევდა გარიბალდიელი პოეტების ლექსები, რის გამოც მხოლოდ XIX ს. 80-იან წლებში გაეცნო ქართვ. მკითხველი ორი გარიბალდიელი პოეტის შემოქმედებას. ესენი იყვნენ იპოლიტო ნიევო, რ-ის „გარიბალდის სიმღერა“ თარგმნა ი. ევდოშვილმა, და ლუიჯი მერკანტინი, რ-ის „საპრელი მომკელი ქალის სიმღერა“ თარგმნა გ. წერეთელმა.

„რისორჯიმენტომ“ ასახვა პოვა ქართ. ლიტ-რაშიც. გ. წერეთელი წერდა: „გაჩნდა დასავლეთით დიდი ვარსკვლავი, ძალიან მალე მატულობს იმის სხივი... ვსასოებ, რომ ეს ვარსკვლავი მზედ გადაიქცევა და დასავლეთიდან მთელი აღმოსავლეთისაკენ მოჰფენს თავისუფლების სინათლეს...“ გ-ს კალამს ეკუთვნის სამი ავტობიოგრ. ხასიათის რომანი და ლექსები. მისი რომანი „კლელია ანუ ბერის სიკვდილი“ თარგმნა თ. სახოკიამ.

1987 საქართველოში ი. ჭავჭავაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეებში მონაწილეობდა ჯ. გარიბალდის სახ. საერთაშ. ინ-ტის დირექტორი – გ-ის უმცროსი შვილიშვილის, გენ. ელიო გარიბალდის ქვრივი – ერიკა გარიბალდი. იტალიაში დაბრუნებულმა ე. გარიბალდიმ რომში ჩაატარა სპეც. სესია, რ-იც მიეძღვნა საქართველოში მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, კერძოდ, ქართ. გარიბალდიანას და ი. ჭავჭავაძეს.

თხზ.: კლელია თბ., 1962.

ლიტ.: «დროება», 1866, №12; 1875, № 19 – 21; კიღურაძე გ., ახალი ისტორია, წგ. 1, თბ., 1970; წერეთელი გ., თხზ., ტ. 1, თბ., 1974.

ზ. სტურუა