გარიკი (ვაჩნაძე) ვახტანგ გიორგის ძე

გარიკი (ნამდვ. გვარი ვაჩნაძე) ვახტანგ გიორგის ძე (31. III. 1896, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 1937), რეჟისორი, თეატრ. მოღვაწე, კრიტიკოსი. 1918 დაამთავრა მოსკ. არქეოლ. ინ-ტი. თეატრ. განათლება მიიღო მოსკ. მცირე თეატრის დრამ. სტუდიაში. 1918 თბილისში დადგა ა. ერისთავ-ხოშტარიას „მოლიპულ გზაზე“. 1922-იდან იყო პროლეტკულტის ქართ. დრამ. სტუდიის, 1924–27 – პროლეტკულტის წითელი თეატრის ქართ. სექტორის რეჟისორ-პედაგოგი. დადგა შემდეგი სპექტაკლები: ს. ტრეტიაკოვის „გესმის, მოსკოვო“, რ. როლანის „ბასტილიის აღება“, ფ. შილერის „ყაჩაღები“. დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის პროფ. დრამ. თეატრის (აფხ. და ქართ. დასები) ჩამოყალიბებაში. 1928–31 ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. დადგა სპექტაკლები: ს. ჭანბას „მუჰაჯირები“, ს. შანშიაშვილის „ანზორი“, კ. კალაძის „როგორ“, მ. კოვეს „ინაფხა კიაგუა“, ფ. შილერის „ფიესკოს შეთქმულება“ და სხვ. 1931–33 გ. იყო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დადგა: ვ. კირშონის „პური“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ და სხვ. 1933–34 მოღვაწეობდა ზუგდიდის, 1934–37 კვლავ სოხუმის თეატრებში. წერდა მოთხრობებსა და პიესებს, გაასცენიურა ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“. მანვე თარგმნა ფ. შილერის „ფიესკოს შეთქმულება“ და „ვერაგობა და სიყვარული“, მოლიერის „დონ-ჟუანი“. 1929 გამოიცა მისი თეორიული შრომების „თეატრის“ I წიგნი, 1958 კი – II წიგნი.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

შ. ცუცქირიძე