გარისი

გარისი, სოფელი ისტორიულ ქვემო ქართლში, მდ. ხრამის შენაკადის ჭივჭავისწყლის მარცხ. ნაპირას. ცნობილია როგორც ყიზილბაშური აგრესიის წინააღმდეგ მეფე ლუარსაბ I-ის უკანასკნელი, გმირული ბრძოლის ადგილი (იხ. გარისის ბრძოლა 1556). ქართ. წყაროების მიხედვით, გ. XVII–XVIII სს-შიც არსებობდა. გ-ის ძირითადი მებატონეები იყვნენ აბაშიშვილები (ბარათაშვილების განაყოფი შტო). 1699 ქართლის კათოლიკოსმა იოანე დიასამიძემ მანგლელ ეპისკოპოსს, გაბრიელ ჯავახიშვილს, სამწყსოდ მისცა ალგეთის გაღმა (ე. ი. სამხრ-ით) მდებარე სოფლები, მ. შ. გ-ც. თაყაიშვილი ექვთიმე|ექვთიმე თაყაიშვილმა ისტორიულ გარისში მიაკვლია ეკლესიის ქვას, რ-ის მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ 1701 გ-ში წმ. იოანე მახარებლის სახელზე ეკლესია აუგია ქაიხოსრო აბაშიშვილს და მის მეუღლეს თინათინ ამირეჯიბს. XIX ს. I ნახევარში უკვე გაპარტახებული გ. ეკუთვნოდა ორბელიანი მანანა|მანანა ორბელიანს. შემდეგ მომთაბარე თურქმანულმა ტომებმა ამ ადგილს „აღ-ბულახი“ („თეთრი წყარო“) დაარქვეს. 1847 გ., ანუ „აღ-ბულახი“ სამხ. უწყებამ შეიძინა და „ბელი-კლიუჩი“ უწოდა. ახლანდ. მუნიციპალური ცენტრი თეთრიწყარო სწორედ ისტ. გ-სა და მის მომიჯნავე ტერიტორიებს მოიცავს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ასათიანი ნ., ჭიჭინაძე ი., ალგეთი (თეთრიწყაროს ისტორიული ძეგლები), თბ., 1985.

დ. ბერძენიშვილი