აზერბაიჯანი (Azerbaycan), ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (Azerbaycan Respublikasi 1990-იდან), სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმ. ნაწილში.
ჩრდ-ით ესაზღვრება რუს. ფედერაცია (დაღესტანი), ჩრდ.-დას-ით – საქართველო, სამხრ.-დას-ით – სომხეთი და თურქეთი, სამხრ-ით–ირანი, აღმ-ით – კასპიის ზღვა. ფართობი 86,6 ათ. კმ², მოსახლეობა – 10 127 127 კაცი (2021), ორ მესამედზე მეტი აზერბაიჯანელები არიან. ცხოვრობენ აგრეთვე რუსები, ქართველები (დაახლ. 30 ათ. კაცი, ძირითადად საინგილოში), სომხები, ებრაელები. ოფიც. ენა – აზერბაიჯანული, მორწმუნეთა უმრავლესობა – მუსლიმანი (შიიტები). დედაქალაქი – ბაქო. სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – პარლამენტი (მილი მეჯლისი), ფულის ერთეული – მანათი.
ა-ში კლასობრივი საზ-ბა წარმოიქმნა ძვ. წ. I ათასწლეულში. იმავე პერიოდში ა-ის ტერიტ. შედიოდა უძველეს სახელმწიფოების (მანა, მიდია, ატროპატენა, კავკ. შემადგენლობაში ალბანეთიც. III – X სს-ში ა-ს თავდაპირველად ირანი, შემდეგ არაბთა სახალიფო დაეუფლა. XI – XIV სს-ში განიცადა თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა, თემურლენგის შემოსევები. აზერბ. ხალხი ძირითადად ჩამოყალიბდა XI – XIII სს-ში. XVI – XVIII სს. ა. ირანისა და ოსმალეთის ბრძოლის ობიექტად იქცა. XVIII ს-ში ა-ის ტერიტორიაზე 15-მდე მცირე სახანო წარმოიქმნა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართულ სამეფო-სამთავროებს მჭიდრო პოლიტ., ეკონ. და კულტ. ურთიერთობა აკავშირებდა ა-ის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს არსებულ ფეოდ. სამფლობელოებთან. იხ. ალბანეთი კ ა ვ კ ა ს ი ი ს ა, განჯის სახანო, დერბენდის სახანო, ელისუს სასულთნო, ნახჭევანის სახანო, ყარაბახის სახანო, ყუბის სახანო, შაქის სახანო, შირვანი, ჭარბელაქანი. 1813 – 28 ა. რუსეთმა შეიერთა. 1917 ა-ში დამყარდა საბჭ. ხელისუფლება, შეიქმნა ბაქოს კომუნა. 1918 ა. თანამიმდევრობით დაიკავეს ინგლ., გერმ. და ოსმ. ჯარებმა, ქვეყანას სათავეში ჩაუდგა მუსავატელთა პარტია. 1920 აპრილში საბჭ. რუსეთის არმიის მეშვეობით ა-ში კვლავ დამყარდა საბჭ. ხელისუფლება. 1922 მარტიდან ა. ამიერკავკ. ფედერაციის წევრი იყო, 1936-იდან კი უშუალოდ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1990 წ. 30 აგვისტოს ა-მა აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და გამოცხადდა ა-ის რესპუბლიკა.
1992 წ. 18 ნოემბერს საქართველომ და ა-ის რესპუბლიკამ დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები. ა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რ-თანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები მრავალი მიმართულებით: ორ ქვეყანას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, საქართველოში განხორციელდა მსხვილი ინვესტიციები აზერბ. კომპანიების მიერ, 1993 წ. 3 თებერვალს, საქართველოსა და ა-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ“, 1995 თებერვალში ბაქოში გაიხსნა საქართვ. საელჩო, 1996 მარტში კი – თბილისში ა-ის საელჩო. ამის შემდეგ ბათუმში გაიხსნა ა-ის გენ. საკონსულო.
1996 წ. 8 მარტს საქართველომ და ა-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თაობაზე. ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ ხელი შეუწყო ბაქო-სუფსის მილსადენის მშენებლობას, რ-მაც 1999 დაიწყო ფუნქციონარება, 1997 წ. 1 თებერვალს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, ეუთოს 1999 ნოემბ. სამიტზე კი – ხელშეკრულებას ა-ის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და ასევე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის შესახებ.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (1768 კმ) 2006-იდან ფუნქციონირებს. საქართველოსა და ა-ის პრეზიდენტებმა 2004 წ. 4 მარტს ბაქოში ხელი მოაწერეს საერთო კომუნიკეს, რ-იც ხაზს უსვამდა ევროინტეგრაციისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. საქართველო- ა-ის თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა და განმტკიცდა სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ენერგეტიკული პროექტების განვითარების მიმართულებით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების პროექტების მშენებლობამ განაპირობა დიდი ეკონომიკური ცვლილებები სამხრ. კავკასიაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე TANAP, TAP პროექტები.
აღნიშნულმა ენერგეტ. პროექტებმა ხელი შეუწყო საქართველო-ა-ის ევროპასთან დაახლოებას და იმავდროულად ბაქო-თბილისი-ანკარის თანამშრომლობის კონსოლიდაციას. მეორე მსხვილი ენერგეტ. პროექტი – ბაქო-თბილისი-ერზურუმის ბუნებრივი აირის მილსადენი ასევე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის და ა-ის ბუნებრივი რესურსების დივერსიფიკაციისათვის. (ფუნქციონირებს 2007-იდან). 2007 საქართველომ, ა-მა და თურქეთმა ხელი მოაწერეს „თბილისის დეკლარაციას“, რ-იც გულისხმობდა თანამშრომლობის გაფართოებას ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რ-იც განხორციელდა საქართვ., ა-სა და თურქეთს შორის, არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალი. ამ პროექტის შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა 2004 საქართვ., თურქეთსა და ა-ს შორის, ხოლო 2005 სამივე ქვეყნის პრეზიდენტებმა პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დაადასტურეს ქ. ბაქოში ფორმალური დეკლარაციის ხელმოწერით.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2017 წ. 30 ოქტ. გაიხსნა.
საქართველოსა და ა-ს შორის სტრატეგ. პარტნიორობა და საიმედო კეთილმეზობლობა ემყარება ერებს შორის ისტ. მეგობრულ კავშირბს. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში პოლიტ., ეკონ და ჰუმიტარულ სფეროებში.
ლიტ.: ფ ა ღ ა ვ ა კ., აზერბაიჯანული და ქართული კულტურული ურთიერთობისათვის თბ., 1964; История Азербайджана, т.1-3, Баку, 1958-63.