გარნისი

გარნისი, გარნი, ციხე და დაბა ერევნის აღმ-ით 27 კმ-ზე, გეღამის მთების ძირას, მდ. აზატის ნაპირას (სომხ. რესპ). აგებულია კლდოვან კონცხზე (ზღვის დონიდან 1400 მ). მისადგომი აქვს მხოლოდ ჩრდ-იდან, სადაც მდებარეობს თანამედროვე სოფ. გარნი. ფიქრობენ, გ. დაარსებულია ძვ. წ. II ს-ში. გ-ის ციხე სომხეთს იცავდა ჩრდ-იდან. პირველად მოიხსენიება ტაციტუსის „ანალებში“ (იხ. გარნისის ბრძოლა 52–53). გ. სომხ. მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. IV ს-ში აქ საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა, რ-იც XV ს-მდე მნიშვნელოვან საეკლ.-სამონასტრო ცენტრად დარჩა. მას შემდეგ, რაც XII ს-ში ჩრდ. სომხეთი საქართვ. სახელმწიფოს ფარგლებში მოექცა, გ-ის ციხემ დაკარგა მნიშვნელობა: „ჟამთააღმწერელი“ გ-ს უკვე სოფლად მოიხსენიებს (იხ. გარნისის ბრძოლა 1225). XVII ს-ში ირან-თურქ. ომების შედეგად გ-ში მოსახლ. მოისპო და ხელახლა აღდგა სომხ. რუსეთთან შეერთების შემდეგ (1830 ირანიდან აქ სომეხთა 100 ოჯახი გადმოსახლდა). ამჟამად გ. დიდი სოფელია. გ-ის ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია რუხი ბაზალტით ნაგები იონიურკაპიტელიანი ბერძნ.-რომაული ტიპის ტაძარი–პერიპტეროსი (I ს.), რ-იც მაღალ პოდიუმზე დგას. კაპიტელები, ანტაბლემენტი, კარის წირთხლი მცენარეული ორნამენტითაა შემკული. 1679 ტაძარი მიწისძვრამ დაანგრია. 1909–11 ნანგრევები გათხარეს ნ. მარმა და ი. სმირნოვმა. 1969–75 მთლიანად აღადგინა არქიტექტორმა ა. საჰინიანმა. VIII–IX სს. სასაფლაოზე 1945 აღმოჩნდა საფლავის ქვად გამოყენებული ბაზალტის ბლოკი ბერძნ. წარწერით, რ-იც მოგვითხრობს თრდატ III-ის მიერ ჩატარებული მშენებლობის შესახებ (IV ს. I მესამედი). 1949-იდან გ-ში სისტემ. არქეოლ. გათხრები ტარდება (ხელმძღვ. ბ. არაქელიანი). დადგინდა, რომ ციხე აგებულია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნასოფლარზე. აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი შავპრიალა კერამიკა, ნავისებრი ხელსაფქვავები, ობსიდიანისა და ძვლის იარაღი, სპილენძის ნამგალი. თლილი ბლოკებით ნაგები გალავანი 14 ოთხკუთხა კოშკით. გალავნის ზედა ნაწილი ქვითკირისაა, ბაზალტით მოპირკეთებული. ციხის ტერიტორიაზე გათხარეს III ს. აბანო, რ-ის მოზაიკურ იატაკზე ბერძნ. წარწერები და ოკეანის, ზღვისა და ოკენიდების გამოსახულებებია. სოფ. გ-ის ტერიტორიაზე გათხარეს I–III სს. სამაროვანი. აღმოჩნდა მინის სანელსაცხებლეები, თიხის ჭურჭელი, სამკაული, მძივები, მონეტები და სხვ. გათხრებით გამოვლენილია შუა საუკ. ბაზილიკა, მრგვალი ოთხაფსიდიანი ტაძარი და XII ს. გუმბათიანი ეკლესიის ნაშთები.

ლიტ.: Аракелян Б. Н., Гарни, [т.] 1- 3, Ер., 1952–62.

ი. გაგოშიძე