გარნისის ბრძოლა 52–53

გარნისის ბრძოლა 52–53, ბრძოლა სომხეთის მეფე მითრიდატე იბერიელსა და მის ძმისწულს რადამისტს (ქართლის მეფის ფარსმან I-ის ძე) შორის.

I ს. რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ცნობით, ფარსმან I-მა, რ-საც ეშინოდა რადამისტი მეფობაში არ შესცილებოდა, წააქეზა შვილი, რათა საკუთარი ბიძის – მითრიდატეს სამეფოს დაპატრონებოდა. რადამისტი იბერიის ჯარით სომხეთში შეიჭრა და ალყა შემოარტყა გარნისის ციხეს, რ-შიც მითრიდატე და მასთან მყოფი რომაული რაზმი იყო ჩაკეტილი. რომაელთა სარდალმა, პრეფექტმა ცელიუს პილონმა, რ-იც რადამისტმა მოისყიდა, მითრიდატეს ჩააგონა ძმისწულს დანებებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რადამისტმა ბიძას უვნებლობა აღუთქვა, მისი ბრძანებით მითრიდატე და მისი ვაჟები დახოცეს. რადამისტი მოკლე დროით სომხ. მეფე გახდა.

წყარო: Тацит Корнелий, Анналы, Сочинения в двух томах, т. 1, Л., 1970.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

ნ. ლომოური