გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია (ბერძნ. Gastēr, ნათ. ბრ. Gastros – კუჭი, სტომაქი, enteron – ნაწლავი და logos – სიტყვა, მოძღვრება), მედიცინის დარგი, რ-იც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებს, შეიმუშავებს ამ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. გ., როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX ს. I ნახევარში ჩამოყალიბდა.

საქართველოში გ-ის ჩანასახებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძვ. სამკურნ. წიგნებსა და კარაბადინებში, განსაკუთრებით – ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „კარაბადინი“, სადაც აღწერილია საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანატომია, გაშუქებულია დაავადებების გამოვლენისა და მკურნალობის საკითხები, რ-თაგან ბევრს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. გ-ის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა კავკასიის ექიმთა საზ-ბამ. გ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს პროფესორებმა ს. ვირსალაძემ, ა. ალადაშვილმა, შ. მიქელაძემ, გ. დიდებულიძემ და ნ. მახვილაძემ. ს. ვირსალაძემ ჯერ კიდევ პეტერბურგში, ა. ნეჩაევის კლინიკაში მუშაობის დროს, გამოაქვეყნა ნაშრომი „თავის ტვინის ქერქის გავლენა ნაღვლის გამოყოფაზე“, რ-შიც განიხილა ნაღვლის გამოყოფის რთული მექანიზმი; ა. ალადაშვილმა ექსპერიმენტულად შეისწავლა (1911) ბორჯომის მინერ. წყლის ზეგავლენა კუჭის სეკრეციაზე; შ. მიქელაძემ შეადგინა გ-ის ქართ. სახელმძღვანელო (1934). 2013 გამოიცა კლინ. გასტროენტეროლოგიის სახელმძღვანელო გ. ბერიძის და მ. შეროზიას ავტორობით. შემდგომ წლებში გ-ის თეორ. და პრაქტ. საკითხები განავითარეს ნ. ა. ყიფშიძემ, გ. მხეიძემ, კ. ვირსალაძემ, ვ. ალადაშვილმა და სხვ. ამ მეცნიერთა დამსახურებაა ის, რომ წყლულოვანი დაავადება და ქრონ. გასტრიტი ღრმად და საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და მათი მკურნალობის მეთოდები კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგა. ქირურგ. გ-ის განვითარებაში დიდი წვილი შეიტანეს გ. მუხაძემ, კ. ერისთავმა, ე. ფიფიამ და მათმა მოწაფეებმა. 1951 ნ. ა. ყიფშიძის თაოსნობით ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოში შეიქმნა საქართველოში პირველი ენდოსკოპური კაბინეტი, სადაც ტარდებოდა ფართო გასტროსკოპული გამოკვლევები, ასევე გასტროენტეროლოგიური სტაციონარული განყ-ბა. თბილ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკა (გამგე კ. ვირსალაძე) იყო ერთ-ერთი პირველი დაწესებულება ყოფ. საბჭ. კავშირში, სადაც დაინერგა გასტრობიოფსია (პ. კანშჩევი, ბ. რაჭველიშვილი). ამავე კლინიკის თაოსნობით და ხელმძღვანელობით (1960–75) საქართვ. სხვადასხვა რ-ნში პირველად ჩატარდა წყლულოვანი დაავადების ეპიდემიოლოგიური შესწავლა. 1960 ნ. ა. ყიფშიძის სახ. რესპ. ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოსთან შეიქმნა პირველი გასტროენტეროლოგიური სპეციალიზებული განყ-ბა. ამ განყ-ბაში, მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ თსსი-ის პროფესორები და ექიმ-გასტროენტეროლოგები: ბ. კანდელაკი, ა. მაჭავარიანი, ხ. პაჭკორია, თ. კოდუა, კ. მაისაია, ნ. კეკელიძე, თ. შაშიაშვილი, გ. სულაბერიძე, ც. კონცელიძე, მ. ლოსაბერიძე, ი. ჩეკურიშვილი და სხვ. განყ-ბას კურირებდა პროფ. ბ. რაჭველიშვილი.

1961 საქართველოში პროფ. ნ. ყიფშიძის ხელმძღვანელობით შიქმნა ექსპერ. და კლინ. თერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (მოგვიანებით მას ცენტრის სტატუსი მიენიჭა), რ-იც წარმოადგენდა შინაგან სნეულებათა მძლავრ სამეცნ.-კვლ. და სამკ. გაერთიანებას. 1963 საქართველოში პირველად, ამ ინ-ტში გაიხსნა ჰეპატოლოგიის განყ-ბა, 1974 – გასტროენტეროლოგიური განყ-ბა, რ-ებიც შემდეგ გაერთიანდა ჰეპატოლოგია-გასტროენტეროლოგიის განყ-ბად. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო პროფ. მედ. მეცნ. დოქტორი ა. სამადაშვილი. მისი ხელმძღვანელობით განყ-ბა გადაიქცა რესპუბლიკის მძლავრ სამეცნ.-პრაქტ. ბაზად, სადაც მიმდინარეობდა კვლევები ჰეპატოლოგიის და გასტროენტეროლოგიის აქტ. საკითხებზე. აქ მუშაობდნენ მეცნიერები: თ. ანჯაფარიძე, ლ. ჩირგაძე, ვ. ცინცაძე, მ. კიკაჩეიშვილი, ლ. როსტომოვა, გ. დიღმელაშვილი, ი. სიმონიშვილი, მ. ჯებაშვილი და სხვ. 1973-იდან არსებობს გასტროენტეროლოგთა საზოგადოება.

ბ. რაჭველიშვილი

მ. ჯებაშვილი