გაუცხოება

გაუცხოება, გასხვისება, ადამიანის თვისებებისა და უნარის თვით ადამიანისადმი მტრული დაპირისპირების სოციალური პროცესი, ადამიანის გათიშვა მის მიერ შექმნილი ღირებულებებისაგან, მათი მოვლინება უცხო ძალების სახით. გ. უკავშირდება საზ. ურთიერთობებსა და ნივთთა ფეტიშიზმს, ადამიანური ძალების განვითარებას. ადამიანის არსებობის ამ ნეგატიურ მდგომარეობას უპირისპირდება თავისუფალი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. გ-ის წარმოშობის წყაროა შრომის დანაწილება, ექსპლუატაცია და კლასთა ანტაგონიზმი, აგრეთვე მეცნ. და ტექ. პრაგმატისტულ-პოზიტივისტური მიზანდასახულობა.

გ-ის ცნების გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართვ. ფილოსოფოსებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, რ-თა კვლევის მიზანია დაძლეულ იქნეს გ-ით გამოწვეული არანამდვილი (ნორმიდან გადახრილი) ცხოვრება და სარბიელი მიეცეს პიროვნების თავისუფალ მოქმედებას. ა. ბოჭორიშვილი გ.–გასხვისებას უწოდებს ადამიანისა და მისი ცხოვრების ანომალიას. მისი აზრით, ამ მავნე ილუზიის გაფანტვის საქმეში, გარდა ეკონ. ფაქტორისა, დიდ როლს თამაშობს სუბიექტური შეგნებული ფაქტორი, რათა საფუძველს მოკლებული ზედნაშენური ვითარება ინერციის მდგომარეობიდან გამოვიდეს და ადგილი დაუთმოს ბაზისის შესატყვის მსოფლგაგებასა და ფსიქოლოგიას. ადამიანის განვითარების და შემეცნების ნორმალური პირობები უკავშირდება შრომას, როგორც ადამიანის არსობრივი ძალების რეალიზაციის წყაროს. ზ. კაკაბაძე იკვლევდა თანამედროვე ეპოქის წინააღმდეგობებს და ტექ. ფეტიშიზაციის საფუძველზე წარმოშობილ „ტექნიკურ გაუცხოებას“, რ-იც მიმართულია ადამიანის ცხოვრების არსებითი გარდაქმნისათვის გამიზნული თავისუფალი შემოქმედების წინააღმდეგ.

ლიტ.: ბოჭორიშვილი ა., ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები, თბ., 1976; ბრეგაძე ა., ადამიანის რაობის მარქსისტული გაგებისათვის (გაუცხოება და გასაგნება), თბ., 1979; კაკაბაძე ზ., „ექსისტენციური კრიზისის“ პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია, თბ., 1985; Кешелава В., Миф о двух Марксах, М., 1963.

ა. ბრეგაძე