გაფრინდაშვილი გივი მიხეილის ძე

გაფრინდაშვილი გივი მიხეილის ძე (10. III. 1926, ქ. ზესტაფონი, – 16. X. 2011, თბილისი), არქიტექტორი, არქიტექტურისა და სახვ. ხელოვნ. ისტორიკოსი. არქიტექტურის კანდიდატი (1964). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1948). შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. დაწესებულებებში–ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში (1949–56), ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (1956–66), ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის სპელეისტიკა|სპელეისტიკის ლაბორატორიაში (გამგე, 1966-იდან). გ-მა საქართველოში შექმნა ახალი დარგი–სპელეისტიკა (გამოქვაბულთმცოდნეობა); მისი მეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა კლდეში ნაკვეთი კომპლექსების არქეოლოგია და არქიტექტურა. გ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სტაციონარული გათხრები ვანის ქვაბში (1964-იდან) და დავითგარეჯაში (1969-იდან). საქართველოში „უდაბნოს“ ტიპის კლდის ძეგლების აღმოჩენით გ-მა დაადგინა სამონაზვნო ცხოვრების უძველესი საფეხური – მეუდაბნოეობა (V–VIII სს.) როგორც ზოგად ქრისტ. მოვლენა. მან მიაკვლია და გააანალიზა გვირგვინულ-გუმბათოვანი კლდის ეკლესიები, რითაც დაადასტურა ქართ. გუმბათოვანი ეკლესიის ადგილობრივ ნიადაგზე წარმოშობის გ. ჩუბინაშვილისეული თეორია. მან გამოავლინა და პალეოგრაფიულად შეისწავლა ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. თრეხვისა და ვანის ქვაბებში, დაათარიღა ფრესკები (დავითგარეჯა, ვარძია). აღსანიშნავია ვარძიაში კლდეში გამოკვეთილ მონასტერზე ჩატარებული გამოკვლევები. მონაწილეა ქართ. ხელოვნებისა და მიწისქვეშა ნაგებობის შესწავლისადმი მიძღვნილი რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმისა და კონგრესისა.

თხზ.: ვარძიისა და მისი მიდამოების ქვაბები, თბ., 1957; კლდის სახლები ნასოფლარ ფიაში, თბ., 1959; გარეჯი, თბ., 1987; Пещерный ансамбль Вардзиа (1156–1213 гг.), Тб., 1960; იგივე, ინგლ., რუს., ქართ. ენებზე, Л., 1975; Скальные купольные храмы и их значение в развитии монутентальной архитектуры Грузии; Пустынь, как монастырский ансамбль, «საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები», 1988, №12.

ლიტ.: Чубинашвили Н. Г., Спелеистические разыскания в Грузии в 1966 – 1986, «საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები», 1988, № 12; მისივე, [რეც.]: Г. М. Гаприндашвили. Гареджи, Тб., 1987. «მაცნე», 1988, №3.

ს. კინწურაშვილი